“გაზაფხულზე მე ნამდვილად გადავეცი ეს მანქანა გასაჩერებლად და ბიჭებმა შემდეგში გააჩერეს, მაგრამ წამოსვლით პირადი პატაკით წამოვედი, საზღვარგარეთ უნდა წავსულიყავი, მაგრამ ვერ მოხერხდა და შემდეგ განცხადება აღდგენაზე შევიტანე და დამაკმაყოფილეს. დავინიშნე მცხეთის სამხარეო პოლიციაში”,- ამბობს ჯღარკავა “იმედის კვირასთან” საუბრისას.
საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, რომელიც ასევე იყო “იმედის კვირის” სტუმარი, გამორიცხავს ეკა ყუშიტაშვილის დაჯარიმების გამო გიორგი ჯღარკავას სამსახურიდან გათავისუფლებას:
“მე როგორც ვიცი, ჯღარკავა აპირებდა უცხოეთში წასვლას საცხოვრებლად თუ სამუშაოდ, გამოუვიდა თუ არ გამოუვიდა, როდესაც ის დაბრუნდა საქართველოში, დაწერა პატაკი აღდგენის შესახებ და ალბათ ეს პატაკი განიხილეს, მისცეს მსვლელობა”,- ამბობ ის.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 27 იანვარს გაავრცელა ორი ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ახდენს ზეწოლას პოლიციელზე მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით ცინარიძის დახმარებით.
ზურაბ ჯაფარიძის, ნაციონალური მოძრაობის წევრის შეფასებით, ეს არის სახელმწიფო ინსიტიტუტების ნგრევის მაგალითი:
“საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს ამ თანამდებობიდან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის ასრულებდა კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ის უნდა აღდეს სამსახურში და გამოძიების შედეგად უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობა და ჩაიდინეს დანაშაული”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
გავრცელებულ ვიდეომასალას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იძიებს.