“ნინო ბურჯანაძე რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დაშვებული მექანიკური გადაცდომის გამო წუხილს გამოთქვამს და ბოდიშს უხდის ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნებლიეთ ტკივილი მიაყენა. განცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ ეს იყო შეცდომა და ნამდვილად არ ისახავდა მიზნად ადამიანებისათვის, მით უფრო დაუნის სინდრომის მქონეთათვის ტკივილის მიყენებას”,- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
30 იანვარს ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გადაცემა ,,ქრონიკის” ეთერსა და ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გადაცემაში ,,კურიერი” გავიდა სიუჟეტი, სადაც ნინო ბურჯანაძე საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა. ნინო ბურჯანაძემ, საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის ნეგატიური შეფასების გამოსახატად, არაერთხელ, ხაზგასმით გამოიყენა სიტყვა ,,დაუნიზმი.” მან თქვა, რომ ,,ამ დაუნიზმზე, დაუნიზმზე მართლა“ საერთაშორისო ორგანიზაციას (Human Rights Watch) შესაბამისი რეაქცია ექნებოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების და მოქალაქეების ნაწილმა ნინო ბურჯანაძისგან დაუნის სინდრომის სალანძღავ კატეგორიად გამოყენების გამო ბოდიშის მოხდა მოითხოვა. არასამთავრობოების ნაწილი იმავეს მოითხოვს ტელეკომპანიების -“რუსთავი 2”-ისა და “იმედი”-სგან ნინო ბურჯანაძის ნათქვამის უაპელაციო ტირაჟირების გამო.