აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ 29 იანვარს მიიღო. შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით უკვე გამოიცა. ამავე განკარგულებაში წერია, რომ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის საკომპენსაციოდ, შპს “არემჯი გოლდი” ვალდებულია ბოლნისის სატყეო უბანზე (1ჰა), ასევე კაზრეთის სატყეო კვარტალზე (3 ჰა) და დმანისის სატყეოს მიმდებარედ არსებულ საკოლმეურნებო ტყის ფართობზე (4 ჰა) 2015 წლის 15 მარტიდან პირველ მაისამდე უზრუნველყოს ტყის აღდგენის ღონისძიება და კულტურების გაშენება.
კომპანია “არემჯი გოლდი” უკვე რამდენიმე წელია კაზრეთში საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე ოქროს მოპოვებით სამუშაოებს ატარებს.
საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.
RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.