ირაკლი შიხიაშვილს დარბაზში მსხდომმა ერთ-ერთმა მოქალქემ გორში სტალინის ძეგლის დაბრუნება სთხოვა. ამ თხოვნის საპასუხოდ ირაკლი შიხიაშვილმა თქვა:

 

„მე და, რა თქმა უნდა, ყველა თქვენგანი უდიდეს პატივს ვცემთ უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს და მის ნათქვამ სიტყვას ჩვენთვის ძალიან დიდი ფასი აქვს. უწმინდესი ყოველ 21 დეკემბერს პანაშვიდს უხდის სტალინს. მოიხსენიებს მის სულს. აქედან გამომდინარე, ვინც მტარვალი და ქვეყნის დამაქცევარია, უწმინდესი ისეთ კაცს პანაშვიდს არ გადაუხდის. უწმინდესმა მითხრა, რომ ის იყო უკანასკნელი, ყველაზე დიდი მართლმადიდებელი ხელმწიფეო“.

 

ირაკლი შიხიაშვილმა მსმენელებს სტალინის სახელის გამოყენებით ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქთან თბილისის დამეგობრებაზეც გაუზიარა თავისი გამოცდილება:

 

“მე როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, თბილისი დავამეგობრე ჩინეთის 20-მილიონიან ქალაქთან – გუანჯოუსთან… როგორ შვძელი, ეს მინდა გითხრათ… გუბერნატორმა მკითხა „გურზინ“. მე ვუთხარი – „გრუზნი“. „ზა სტალინა“ – მეუბნება. მე ვუთხარი – „ზა მაუძედუნა“… მეორე ჩასვლაზე საფერავს ზედ მივაწებე სტალინის სურათი გენერალ სიმუსის ფორმაში და ჩავუტანე 20 ბოთლი. ოთხ თვეში ხელშეკრულება გაფორმებული მქონდა, როცა წელიწადი სჭირდება, ჩინეთში ერთმა ფურცელმა წრე რომ დაარტყას. სტალინის სურათი რომ აიღო, ჯერ კოცნიდა, მერე გულში იხუტებდა და მერე ტიროდა“.

 

ირაკლი შიხიაშვილი ვეტერანებს ესაუბრა ფაშიზმის დამარცხებაში სტალინის როლზეც: 

 

„ისრაელში რომ ვიყავი, 6 მილიონი გარდაცვლილი ნაწამები ებრაელის მუზეუმია. საშინელებაა, დაითრგუნები… და გამოსავლელში არის სტალინის დიდი სურათი. მე ვიკითხე, ეგ სურათი რატომ გიკიდიათ-მეთქი? ეგ რომ არ ყოფილიყო, ებრაელის ხსენება არ იქნებოდა დედამიწაზეო. ასე რომ, ებრაელებს ისრაელში უკიდიათ სტალინის სურათი და გორში ძეგლმა რა დააშავა“.

 

იგივე მოქალაქემ დარბაზიდან ირაკლი შიხიაშვილს მოუწოდა, სტალინის ძეგლის დაბრუნების შესახებ ამბავი მიიტანოს ხელისუფლებამდე, რაზეც ირაკლი შიხიაშვილისგან თანხმობა მიიღო:

 

„მინდა გითხრათ, რომ დაყენებული მაქვს ეგ საკითხი და პლუს თბილისში რომ ქანთარიას ძეგლი დაიდგას [საბჭოთა წყაროების თანახმად, ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავი დროშა ბერლინში, რაიხსტაგზე ქანთარიამ და ეგოროვმა აღმართეს]… კაცმა, რომელმაც წერტილი დაუსვა ომს. და რატომ? – 70 წლის იუბილეა ფაშიზმზე გამარჯვების. პრემიერ-მინისტრის სურვილია და შესაბამისი კომისია შექმნილია, რომ მაღალ დონეზე ჩატარდეს ეს იუბილე და დიდი პატივი მივაგოთ იმ ვაჟკაცებს… რომლებმაც ეს საშინელი სენი გააჩერეს დედამიწაზე“.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *