ახალი ამბები

ტელეანძა “ტაბულას” მომსახურეობას აღარ შეუწყვეტს

31 იანვარი, 2015 •
ტელეანძა “ტაბულას” მომსახურეობას აღარ შეუწყვეტს

დავალინების გამო მაუწყებლობის ანძიდან გათიშვის შესახებ “ტაბულას” დღეს, 31 იანვარს აცნობეს. თანხა, რომელიც დავალიანებისა და საურავის სახით ტელეკომპანია “ტაბულას” 31 იანვრის ჩათვლით უნდა გადაეხადა, ჯამში, 21 500 ლარია.  თამარ ჩერგოლეიშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე გადახდილი დავალიანების ქვითრის ასლი გამოაქვეყნა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტელე-რადიოცენტრის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, ზურაბ ლორიას გადახდის შესახებ აცნობა, მისგან პასუხად მიიღო, რომ ტელეკომპანიას ანძიდან მაინც გამორთავდნენ.

 

“მე ველაპარაკე  ბატონ ზურაბს და ავუხსენი, რომ ფული გადარიცხულია, მაგრამ დღეს არასაბანკო დღეა და არ აისახება. მითხრა, 00:00 საათზე თანხა თუ არ იქნება ანგარიშზე, გთიშავო. არადა, როცა შეთანხმებაზეა საუბარი და არასაბანკო დღეს ემთხვევა ვადა, პირველი საბანკო დღე იანგარიშება”,- ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საქართველოს ტელე-რადიოცენტრის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, ზურაბ ლორიას, რომელიც ამბობს, რომ მისთვის გადახდის შესახებ ცნობილი არ იყო. მისივე თქმით, თუ თანხა გადახდილია და ანგარიშზე დღეს არ აისახება, მომსახურეობას “ტაბულას” არ შეუჩერებს:

 

“ჩემთვის არ არის ცნობილი, რომ გადაიხადა, მაგრამ პრობლემა არ არის, თუ გადაიხადა, რაზეა ლაპარაკი?! მე გავაგრძელებ მომსახურეობას, ჩემთვის ეს დანაკარგია. ცუდია, თუ ვინმეს არ ვემსახურები, ამით ვზარალობ, შემოსავალი არ მაქვს. თუ მას უდევს “ფეისბუქზე” გადახდის ქვითარი, ვნახავ და არავითარ შემთხვევაში არ შევწყვეტ მომსახურეობას, ჯინი კი არ მჭირს ვინმესი”, -ამბობს ლორია.

 

ტელეკომპანია “ტაბულას” გარდა, საქართველოს ტელე-რადიოცენტრის მიმართ დავალინება სხვადასხვა ტელევიზიას აქვს. ზურაბ ლომიძის განცხადებით, ეს დავალიანება  მილიონ ლარს შეადგენს. “ტაბულას” გენერალური დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ხაზს უსვამს, რომ მისი ტელეკომპანიის მიმართ შერჩევით მიდგომა გამოიყენეს, როცა დავალიანების გამო ანძამ მომსახურეობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო:

 

“კომიკურია ორთვიანი დავალიანების გამო ტელევიზიის გათიშვა. გასული 10 წლის განმავლობაში არავის არ ახსოვს დავალინების გამო ანძას ტელევიზია გამოერთოს, საუბარია ასობით ათასი ლარის დავალიანებაზე. ჩემ  შემთხვევაში საუბარი იყო 19 000 ლარის  დავალიანებაზე, რომელზედაც 2500 საურავი დამარიცხეს”, – ამბობს ჩერგოლეიშვილი.

“ნეტგაზეთი” შეკითხვაზე, აქამდე თუ შეუწყვეტია ანძას რომელიმე ტელეკომპანიისთვის მომსახურეობა დავალიანების გამო, ზურაბ ლორია ტელეკომპანია “ტვ 3”-ს ასახელებს, რომელიც ამ დროისთვის არ მაუწყებლობს:

 

“ტელეკომპანია ტვ-3-ს არ ვემსახურებით დავალიანების გამო. არ ვიცი დაიხურა, თუ არ დაიხურა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ შევწყვიტეთ მომსახურეობა და კიდევ არის იქ რამდენიმე და რომ მოხვალთ, კონკრეტულად განახებთ ყველაფერს”.

 

თამარ ჩერგოლეიშვილი “ტაბულას” გათიშვის მცდელობას ზეწოლად აფასებს:

 

“ზეწოლის ახალი იარაღი აქვთ, როგორც ჩანს. ეს ადამაინი, თავად ზურაბ ლორია ახალი დანიშნულია ანძაზე, როგორც ჩანს, მაგ მიზნით. მთავარი ისაა, რომ სხვა ტელევიზიებს აქვთ 4-5 თვის დავალიანება და მათ გათიშვით არავინ არ ემუქრება, მე დამემუქრნენ გათიშვით. პრემიერ-მინისტრი გვლანძღავს ყველა პრესკონფერენციაზე ბოლო სიტყვებით, რომ ჩვენ მტერი ვართ და ა.შ. რასაც, თავისთავად, ბიზნესზე გამყინავი ეფექტი აქვს. ერთია “რუსთავი 2”, რომელიც იმდენად დიდია, რომ თუ შენ იქ რეკლამას არ მიიტან, თავად დაზარალდები, როცა კომპანია ხარ,  მეორეა “ტაბულა”, რომელიც პატარა ტელევიზიაა და დაბალი რეიტინგი აქვს. ჩვენთან რეკლამის მოტანა პოლიტიკურ განცხადებად შეიძლება იქნას აღქმული.  ღიად მეუბნებიან ბიზნესმენები, რომ გვინდა არსებობდეთ და პრობლემაა ეს, სხვა ტიპის დახმარებებს გვთავაზობენ. ეს არ ყოფნით [მთავრობას] და ამ მეთოდით ცდილობენ, შერჩევითი მიდგომაა ესეც, მე რატომ [მთიშავენ] და  სხვა ტელევიზიას არა”, – ამბობს ჩერგოლეიშვილი.

 

დავალიანების გადახდის ქვითარი
დავალიანების გადახდის ქვითარი

მასალების გადაბეჭდვის წესი