ახალი ამბები

მოქალაქეები ნინო ბურჯანაძისგან, “რუსთავის 2”-ის და “იმედი”-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

31 იანვარი, 2015 •
მოქალაქეები ნინო ბურჯანაძისგან, “რუსთავის 2”-ის და “იმედი”-სგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

30 იანვარს ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გადაცემა ,,ქრონიკის” ეთერსა და ტელეკომპანია ,,რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გადაცემაში ,,კურიერი” გავიდა სიუჟეტი, სადაც პარტიის ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო” ლიდერი ნინო ბურჯანაძე საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა. ნინო ბურჯანაძემ, საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის ნეგატიური შეფასების გამოსახატად, არაერთხელ, ხაზგასმით გამოიყენა  სიტყვა ,,დაუნიზმი.” მან თქვა, რომ ,,ამ დაუნიზმზე, დაუნიზმზე მართლა“ საერთაშორისო ორგანიზაციას (Human Rights Watch) შესაბამისი რეაქცია ექნებოდა.

 

“ნინო ბურჯანაძეს, როგორც საჯარო პირს, საკანონმდებლო ორგანოს ყოფილ თავმჯდომარეს და ამჟამად პოლიტიკური პარტიის ლიდერს უნდა ესმოდეს, რომ ამგვარი გამონათქვამები შეურაცხყოფს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების თანდაყოლილ ღირსებას, იწვევს ტკივილს და დამცირებას მათ მეგობრებსა და ოჯახის წევრებში, ამავდროულად, ხელს უწყობს დაუნის სინდრომის მქონე პირთა სტიგმატიზაციას და მათ მიმართ დისკრიმინაციის წახალისებას საზოგადოებაში”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

განცხადების თანახმად, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები, მათი ოჯახის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ ნინო ბურჯანაძემ, ტელეკომპანია ,,იმედისა” და ,,რუსთავი 2-ის” ადმინისტრაციამ იმავე მედიასაშუალებებით დაუყოვნებლივ საჯაროდ მოუხადონ ბოდიში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს.

 

“ტელეკომპანიები ვალდებულნი არიან დაიცვან ეთიკის ნორმები და არ გაუშვან ეთერში დისკრიმინაციის შემცველი გამონათქვამები, გაემიჯნონ მას და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. თავიდან აირიდონ  შეცდომით ან სხვისი არაეთიკური ქმედების გამო გასული შეურაცხმყოფელი, ცრუ და სტერეოტიპული ინფორმაციის თუ ფრაზების გავრცელება. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია ,,იმედი,” ბოლო პერიოდის განმავლობაში, უკვე მეორედ უწყობს ხელს დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციული გამოთქმის ტირაჟირებას საკუთარ გადაცემებში. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ოქტომბერში, გადაცემაში „ცეკვავენ ვარსკვლავები“, დამაკნინებელ კონტექსტში ნათქვამი სიტყვის „დაუნი“ გამო მათ საჯაროდ მოიხადეს ბოდიში”,-ნათქვამია განცხადებაში.

 

განცხადებაზე ხელმომწერი პირები აცხადბენ, რომ ისინი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს გამოიყენებენ საზოგადოებაში, განსაკუთრებით მედიაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის პრაქტიკის შესაწყვეტად.

 

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების კავშირი „ჩვენი ბავშვები“ და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

 

მოქალაქეები: ლია ტაბატაძე, ანა აბაშიძე, ანა არგანაშვილი, მარი კორკოტაძე, ქეთი ბახტაძე, ნანა გოჩიაშვილი, თამუნა მარგიშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი