ახალი ამბები

კადრებში ჩანს ეს ყველაფერი – ბახტაძე ოქრუაშვილის საქმეზე

26 ივლისი, 2019 • 583
კადრებში ჩანს ეს ყველაფერი – ბახტაძე ოქრუაშვილის საქმეზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიაჩნია, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების საქმეში ყველაფერი ნათელია, ოპოზიციის კრიტიკას კი “იაფფასიან სპეკულაციას” უწოდებს.

ბახტაძის თქმით, გამოძიების მიმდინარეობის პირობებში, თავს შეიკავებს” შინაარსობრივი შეფასებებისგან”.

“სამწუხაროდ, ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი მუდმივად ცდილობს, რომ გააჩინოს კითხვის ნიშნები ყველაფრის გარშემო. არსებობს ისეთი საკითხები, რომლებიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის იყო ნათელი. ელემენტარულად, კადრებში ჩანს ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ეს არის იაფფასიანი სპეკულაცია.

მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, ამიტომ მე თავს შევიკავებ შინაარსობრივი შეფასებისგან. ფაქტი არის შემდეგი, რომ საქართველოში არსებობს სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულება და ნდობის ხარისხი არის ძალიან მაღალი ამ პროცესების მისამართით.

საქართველოში, სამწუხაროდ, არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც ყველა პროცესისგან ცდილობენ დაიწერონ პოლიტიკური ქულები, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ გვყავს ძლიერი საზოგადოება, რომელიც ობიექტურად აფასებს ყველაფერს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დააკავეს. ეს მუხლი 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ოქრუაშვილი 25 ივლისს, საღამოს 7 საათისთვის დააკავეს მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობიდან გამოვიდა. როგორც მისმა თანაპარტიელმა გუბაზ სანიკიძემ „ნეტგაზეთს“ უთხრა, დაკავება 20 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. ამავე საქმეზე, როგორც ცნობილია, სულ 10-მდე ადამიანია ბრალდებული, მათ შორის პოლიტიკური ლიდერი ნიკა მელია.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება დღეს, 26 ივლისს, მისი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე შეაფასეს. მათ დაკავებულის ბრალეულობა გამორიცხეს და აღნიშნეს, რომ საქმე პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული.

დაკავებულ ოქრუაშვილს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მასალების გადაბეჭდვის წესი