ახალი ამბები

რადიო “თავისუფლებამ” ბერუჩაშვილთან ინტერვიუს აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა [აუდიო]

31 იანვარი, 2015 •
რადიო “თავისუფლებამ” ბერუჩაშვილთან ინტერვიუს აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა [აუდიო]

ჩანაწერის მიხედვით, მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი “თავისუფლებასთან” ინტერვიუში ამბობს:



“ახლა დროებით ვაჩერებთ ვაჭრობის საკითხზე ამ დიალოგს, მას აზრი არა აქვს, რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია ისევ აამოქმედოს ემბარგო”.



რადიო “თავისუფლების” ვაშინგტონის ბიურომ 29 იანვარს გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, “ბერუჩაშვილის თქმით, საქართველოსა და რუსეთს არაფორმალური დიალოგი ვაჭრობის საკითხში შეჩერებული აქვთ. მან თქვა, რომ არ არის ოპტიმისტურად განწყობილი დიალოგის ახლო მომავალში გაგრძელებასთან დაკავშირებით”.



სტატიას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და რადიო “თავისუფლება” ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა. “ის ინტერვიუ, რომელიც რადიო თავისუფლებაში დაიბეჭდა, არის ალბათ უფრო ჟურნალისტის სხვანაირი ინტერპრეტირება იმისი, თუ რისი თქმა შეეძლო ქალბატონ თამარს,”– განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა დავით კერესელიძემ 30 იანვარს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.



საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ბრალდების პასუხად გამოაქვეყნა რადიო “თავისუფლებამ” აუდიოჩანაწერი.



“ეს ცნობა ჩვენ გამოვაქვეყნეთ ახალ ამბებში, ახალი ამბების ჟანრი თავისთავად გამორიცხავს რაიმე ინტერპრეტაციას, ჩვენ მხოლოდ ციტირება მოვახდინეთ იმისა, რაც ბრძანა ქალბატონმა მინისტრმა”, – განაცხადა რადიო “თავისუფლების” ქართული რედაქციის დირექტორმა დავით კაკაბაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი