ინტერნეტგამოცემამ “აფხაზეთი ინფო” 28 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რუსეთის სამხედრო პირები, ძარცვის მიზნით, თავს დაესხნენ რვა სომხურ ოჯახს. მოგვიანებით ეს ინფორმაცია, “აფხაზეთი ინფოზე” დაყრდნობით, სხვა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს.
“აფხაზეთი ინფოს” ინფორმაციით, ინცინდენტი მოხდა სოფელში, სადაც ძირითადად ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს.
“რუსეთის ოკუპანტები სოფელში ჯავშანტრანსპორტიორებითა და “უაზის” ტიპის მანქანებით შეიჭრნენ. მათ მოსახლეობისგან ფული და ოქროს ნივთები წაიღეს. ერთ-ერთი ოჯახიდან გაიტაცეს ასევე მანდარინებით დატვირთული მანქანა, რომელიც გზაში გაუფუჭდათ და ეშერის ხიდზე დატოვეს”, – წერდა “აფხაზეთი ინფო”.
გამოცემამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძარცვის დროს სამხედროებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სოფლის რამდენიმე მცხოვრებს, რომელთაგან ერთ-ერთი, 76 წლის ლუსია ქოჩარიანი სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი.
თავდასხმისა და ძარცვის ფაქტს სოხუმის რაიონის სომეხთა სათვისტომოც უარყოფს. სომეხთა სათვისტომოს საბჭოს თავმჯდომარემ სეირან იჩმელიანმა საგენტო “ნიუს ამს” განუცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია თავდასხმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო მეტიც, მედიაში ნახსენები 76 წლის ლუსია ქოჩარიანი საერთოდ არ ცხოვრობს სოფელ აჩადარაში, აცხადებს იჩმელიანი.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |