გამოვიდნენ და თქვან, რა ხდება… როგორ შეიძლება ასე?! – ჭყონია ლარის კურსზე

“თუ არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და თვლის თავს სპეციალისტად, სწორი და კომპეტენტური დასკვნა მოგვახსენოს”, – ბიზნესმენი თემურ ჭყონია უახლოეს დღეებში კობა გვენეტაძისგან ითხოვს დიდი კონფერენციის ჩატარებას, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წარადგენს ლარის კურსის რეკორდულად გაუფასურების რეალურ დასკვნას.

კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ეს არ არის მხოლოდ მისი მოთხოვნა და ეროვნული ვალუტის გაუფასურება ძალიან ბევრ ბიზნესმენს აწუხებს:

“ჩვენ გვაინტერესებს ზუსტი ინფორმაცია, რომელიც უნდა ჰქონდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. თუ არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და თვლის თავს სპეციალისტად, სწორი და კომპეტენტური დასკვნა მოგვახსენოს. ეს არამხოლოდ ჩემი მოთხოვნაა. უამრავი ბიზნესმენი მირეკავს და მთხოვს, რომ ეს როგორღაც დავაფიქსიროთ. გამოვიდნენ და თქვან, რა ხდება… როგორ შეიძლება ასე!”

თემურ ჭყონიას განცხადებით, ლარის გაუფასურება არის დღეს N1 პრობლემა ქვეყანაში, რასაც იწვევს ეროვნული ვალუტის არასტაბილური და არაპროფესიონალური მართვა.

“ეროვნული ბანკი საუბრობს, ჩვენ არ ვერევითო, თავისუფალი გაცვლითი კურსიაო. ეს რას ნიშნავს, ესე იგი – თავისუფალი გაცვლითი კურსი ნიშნავს, რომ უკონტროლოდ უნდა იყოს მიშვებული? რას ნიშნავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ეს განცხადებები? თავისუფალი გაცვლითი კურსი არ ნიშნავს, რომ ასე მიტოვებული იყოს ლარი, მიტოვებული იყოს ბიზნესის პრობლემები, მიტოვებული იყოს ეკონომიკა.

ამ შემთხვევაში, საერთოდ რაში გვჭირდება ეროვნული ბანკის რეგულაციები, კანონები ან საერთოდ ეკონომიკა. მესმის, რაც არის თავისუფალი გაცვლითი კურსი, მაგრამ როდემდე, ესეც უნდა ვიცოდეთ. ყველა პოლიტიკურ პრობლემაზე სერიოზული პრობლემა არის ლარის კურსის არასტაბილურობა. ვფიქრობ, რაღაც ცუდ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

ყველას აწუხებს ეს პრობლემა, მაგრამ ძირითადად აქცენტი გაკეთებულია პოპულისტურ და საჭორაო თემებზე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დიდი კონფერენცია უნდა ჩაატაროს, სადაც უნდა მოიწვიოს სპეციალისტები, ბანკირების, ფინანსისტების დიდი ჯგუფი და არა პოლიტიკოსების და მოგონილი ექსპერტების. ამ კონფერენციაზე ჩვენ უნდა გავიგოთ მათგან ზუსტი ინფორმაცია ლარის კურსის შესახებ, რადგან ასე უკვე შეუძლებელია. შეუძლებელია წყნარად ჯდომა, როდესაც ყველაფერი ინგრევა გარშემო.

ჟურნალისტებს უნდა ვთხოვოთ, რომ ყველა გადაცემა იწყებოდეს ლარის კურსით და ეკონომიკით, ხოლო მეორე საკითხი იყოს პოლიტიკური თემა. ჩვენ პირველ საკითხად გვაქვს პოლიტიკური თემა და მეორე – ეკონომიკა. ამიტომ ვართ დანგრეულები. გადაცემების და ინტერვიუების მაქსიმალური დრო უნდა იყოს მიბმული ეკონომიკაზე. ჩვენ ძირითადად ვუსმენთ არაკომპეტენტურ პარლამენტის წევრებს, რომლებიც საათობით საუბრობენ ეკონომიკაზე, რის გაგებაშიც აბსოლუტურად არ არიან. მერე ვუსმენთ ვითომ ექსპერტებს, რომელთა საუბრებიც აგებულია ჭორაობაზე”, – განუცხადა ნეტგაზეთს თემურ ჭყონიამ.


დღეს, 25 ივლისს, ლარი დოლართან და ევროსთან კიდევ უფრო გაუფასურდა, რითიც ახალი ანტირეკორდი დაამყარა.

დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა დოლართან 1.6 თეთრით, ევროსთან კი 1.5 თეთრით გაუფასურდა.

შედეგად, ხვალ 26 ივლისს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.91 ლარი, ერთი ევრო ოფიციალური ღირებულება კი 3.24 ლარი იქნება.

ერთი აშშ დოლარი 2.91 ლარი ღირს – ახალი ანტირეკორდი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.