ახალი ამბები

აშშ-ის განცხადება ადასტურებს, რომ სამართლიან სასამართლოზე გადის განვითარების იდეა – დოლიძე

25 ივლისი, 2019 • 1017
აშშ-ის განცხადება ადასტურებს, რომ სამართლიან სასამართლოზე გადის განვითარების იდეა – დოლიძე

აშშ-ის საელჩოს განცხადება ადასტურებს, რომ სწორედ სამართლიან სასამართლოზე გადის ჩვენი ქვეყნის, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების იდეა, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ხაზარაძესთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებას.

“მამუკა ხაზარაძის სახით მორიგი მსხვერპლი ჩაუვარდა მურუსიძე-ჩინჩალაძის ბაყბაყდევს. რეალურად ჩვენ მორიგი მსხვერპლი შევუგდეთ კონტროლირებად, მორჩილ სასამართლო სისტემას. ამერიკის საელჩოს განცხადება ადასტურებს, რომ სწორედ სამართლიან სასამართლოზე გადის ჩვენი ქვეყნის, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების იდეა. ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ხაზარაძის საქმესთან – ანაკლიის პორტი, ბანკი, შესაძლო პოლიტიკური მოღვაწეობა – წარმოაჩენს, რომ ეს არ არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი საქმე, არამედ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეა, რომელთან მიმართებაშიც არაერთი კითხვის ნიშანია”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, საელჩოს განცხადება ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემის გადარჩენა არის გადამწყვეტი საკითხი, იქნება ეს განვითარებული, დემოკრატიული, კეთილდღეობაზე დაფუძნებული სახელმწიფო, თუ რომელიმე ადამიანის და კლანის უკანა ეზო.


აშშ-ის საელჩომ 25 ივლისს თქვა, რომ ყურადღებით აკვირდებიან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და შეშფოთებას გამოთქვამენ მათთვის ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებსათან დაკავშირებით.

სწორედ მამუკა ხაზარაძე არის დამფუძნებელი “ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა”, რომელიც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ანაკლიის პორტს აშენებს. ხელისუფლება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2008 წლის საბანკო გადარიცხვის გამო ედავება და მიიჩნევს, რომ ეს იყო ფულის გათეთრება, რასაც ასბურდულს უწოდებენ თავად ჯაფარიძე-ხაზარაძე. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ხელის შეშლაა.

შეშფოთებული ვართ, ბრალის კონტექსტისა და დროის გარემოების გამო – აშშ ხაზარაძე-ჯაფარიძეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი