ახალი ამბები

ევრონიუსი საქართველოში შემოდის და ქართულენოვან მაუწყებლობას იწყებს

25 ივლისი, 2019 • 5399
ევრონიუსი საქართველოში შემოდის და ქართულენოვან მაუწყებლობას იწყებს

დღეს, 25 ივლისს, ევრონიუსმა და სილქნეტმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს საქართველოში „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნების თაობაზე. სილქნეტის ინფორმაციით, „ევრონიუს საქართველო“ იქნება ახალი ქართულენოვანი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა.

სილქნეტის ინფორმაციით, ევრონიუსი უზრუნველყოფს სარედაქციო პოლიტიკის მკაცრ მიუკერძოებლობას, თავად დანიშნავს ახლად შექმნილი არხის მთავარ რედაქტორს, ასევე, დააკომპლექტებს და გააკონტროლებს სარედაქციო საბჭოს.

როგორც სილქნეტიდან გვაცნობეს, „ევრონიუს საქართველო“ სარედაქციო საბჭო განსაზღვრავს სტრატეგიულ სარედაქციო მიმართულებებს, ასევე, დაადგენს სარედაქციო პოლიტიკის და დაბალანსებული მაუწყებლობის წესებს, რომელიც თანხვედრაშია მედიის ფუნდამენტურ ფასეულობებთან (როგორიცაა სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა, გამოხატვის თავისუფლება, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებელი მედიის სხვა უმთავრესი ღირებულებები).

ევრონიუსის შესახებ

ევრონიუსი 1993 წელს საფრანგეთში, ქალაქ ლიონში დაარსდა. 2017 წელს ევრონიუსმა შეცვალა მაუწყებლობის მოდელი და დააარსა 12 სხვადასხვა სარედაქციო პლატფორმა.

GlobalWebIndex-ის მონაცემებით, ევრონიუსი მსოფლიოს 160 ქვეყანაში ყოველთვიურად თითქმის 400 მილიონ ოჯახს აწვდის ინფორმაციას. არხის 12 სარედაქციო გუნდში 30-ზე მეტი სხვადასხვა ეროვნების 500 ჟურნალისტი მუშაობს, რომლებიც ახალ ამბებს გადასცემენ არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, უნგრულ, იტალიურ, სპარსულ, პორტუგალიურ, რუსულ, ესპანურ და თურქულ ენებზე.

2016 წელს ევრონიუს-ჯგუფმა დააარსა შვილობილი კომპანია, პირველი პანაფრიკული მრავალენოვანი საინფორმაციო ფილიალი, „აფრიკანიუსი“. კონგოს რესპუბლიკში 15 სხვადასხვა ეროვნების 85 ჟურნალისტი მაუწყებლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე პონტე ნუარიდან.

2017 წლიდან ევრონიუსის პარტნიორი გახდა კომპანია NBC News, რომელმაც არხის 25%- იანი წილი შეიძინა და მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიცია განახორციელა, რაც ევრონიუსის მაუწყებლობის გაფართოებას და ახალი პროგრამების შექმნას ემსახურებოდა.

 

სილქნეტის ინფორმაციით, ევრონიუსი მათთან მოლაპარაკებებს ასრულებს არხის მესამე ფრენჩაიზინგის პროექტის, „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნების თაობაზე.  სილქნეტთან მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა 2018 წლის ნოემბერში ალბანეთში „ევრონიუს ალბანეთის“ და გასულ კვირას დაანონსებული „ევრონიუს სერბეთის“ დაფუძნება.

სინლქნეტის ცნობით, „ევრონიუს საქართველო“ მოახდენს ევრონიუსის კონტენტის ტრანსლირებას ადგილობრივი, ქართული მედიაკონტენტის პარალელურად. კერძოდ, როგორც სილქნეტიდან გვაცნობეს, „ევრონიუს საქართველო“ გამოიყენებს ევრონიუსის ევროპული რედაქციის მიერ შექმნილ კონტენტს. ამასთან, სილქნეტის ინფორმაციით, ევრონიუსი გამოიყენებს თავისი ქართული ფრენჩაიზინგის მიერ დამზადებულ კონტენტს.

ევრონიუსის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ პიტერსი ირწმუნება, რომ ევრონიუსი 100%-იანი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფს მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელებას. სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი კი ამბობს, რომ ეს პროექტი ემსახურება ევროპასა და საქართველოს შორის საინფორმაციო ხიდის აშენებას.

ევრონიუსი საქართველოში შემოდის – არხსა და სილქნეტს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

მასალების გადაბეჭდვის წესი