ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია დაარსდა, რომელიც სახელმწიფო უნვიერსიტეტის რექტორებითა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. სხდომაზე წევრები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ თავმჯდომარეს.
თსუ-ში აცხადებენ, რომ რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გაიზიარებს ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის „Magna Charta Universitatum” ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა აკადემიური თავისუფლების უზრუნველყოფა, უნივერსიტეტების ავტონომიურობა, ევროპული და ეროვნული ჰუმანისტური ტრადიციების გაზიარება, სწავლების და კვლევის ინტეგრაცია და სხვა. ეს იქნება ერთგვარი პლატფორმა, სადაც რექტორები იმსჯელებენ უმაღლესი განათლების გამოწვევებზე, მოამზადებენ ერთობლივ საკანონმდებლო ინიციატივებსა თუ კომენტარებს, განიხილავენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხებს და შეაჯერებენ პოზიციებს განათლების რეფორმებთან მიმართებაში.
უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ რექტორთა მსგავსი გაერთიანება მრავალ ევროპულ ქვეყანაში არსებობს.