ახალი ამბები

კანდელაკი: რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება მცდარი ნაბიჯი და არასწორი პოლიტიკური სიგნალია

25 ივლისი, 2019 • 966
კანდელაკი: რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება მცდარი ნაბიჯი და არასწორი პოლიტიკური სიგნალია

“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი მთავრობის მიერ რუსეთიდან ფრენების სუბსიდირებას მცდარ ნაბიჯად და არასწორ პოლიტიკურ სიგნალად აფასებს.

კანდელაკის თქმით, ოფიციალური სტატისტიკითვე, ბრიტანელი ან გერმანელი ვიზიტორები სამჯერ მეტს ხარჯავენ, ვიდრე ტურისტები რუსეთიდან, და მთავრობის პრიორიტეტიც ამ მიმართულებით უნდა იყოს:

„ჩვენი აზრით, ასეთი ხარჯის გაღება – მით უმეტეს, რომ მგზავრთა რაოდენობაზე გადაანგარიშებით, მგზავრზე 90 ევრო გამოდის –  არის ძალიან მცდარი. რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება,  მაშინ როცა მთავრობა ჯერ კიდევ აჭიანურებს „რაინეართან“კონტრაქტის ხელმოწერას, ასევე სრულიად არასწორი პოლიტიკური სიგნალია. მთავრობისვე ოფიციალური სტატისტიკით, ერთი ბრიტანელი ან გერმანელი ვიზიტორი ხარჯავს სამჯერ უფრო მეტს, ვიდრე ერთი რუსი ვიზიტორი.

ამის გათვალისწინებით, ევროპული საქართველო იმეორებს მოწოდებას, გააფორმოს კონტრაქტი წამყვან დაბალბიუჯეტიან კომპანია „რაინეართან“, რომელსაც რუსეთიდან ფრენების აკრძალვით გამოწვეული დანაკლისის კომპენსირება და დანაკლისზე ბევრად მაღალი შემოსავლის უზრუნველყოფა თავისუფლად ძალუძს” ,- ამბობს კანდელაკი.

მისივე განცხადებით, სრულიად გაუგებარია, რატომ ჭიანურდება დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია “რაინეართან” ხელშეკრულების გაფორმება:

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, „რაინეარს,“ რომელსაც ფრენები ჯერ კიდევ 2013 წელს უნდა დაეწყო, შეუძლია ჩვენს ქვეყანაში პირობითად მილიონი „გერმანელის“ ჩამოყვანა, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის გარღვევა იქნებოდა. მასთან კონტრაქტის ხელმოწერის კიდევ უფრო გაჭიანურება სრულიად გაუგებარია“ ,- აღნიშნავს კანდელაკი.

მთავრობა რუსეთიდან ფრენებს 600 000 ევრომდე თანხით დააფინანსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი