ახალი ამბები

საინტერესო პასუხს ველით — ხაზარაძის ადვოკატი გახარიას მუქარის წერილის ექსპერტიზაზე

24 ივლისი, 2019 • 1015
საინტერესო პასუხს ველით — ხაზარაძის ადვოკატი გახარიას მუქარის წერილის ექსპერტიზაზე

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ადვოკატი, ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ საინტერესო პასუხს ელიან ლონდონში მიმდინარე ექსპერტიზისგან იმ წერილზე, რომლითაც, ხაზარაძის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაემუქრა.

„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო წერილი გიორგი გახარიასგან, რომელშიც გარკვეული მოთხოვნების შესრულებას სთხოვდა, თუმცა მან ეს მოთხოვნები არ შეასრულა.

„ამ წერილში ეწერა, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე… . ეს არის მუქარის წერილი“, — თქვა ხაზარაძემ რამდენიმე თვის წინ.

ხაზარაძის თანახმადვე, წერილის ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზე გააგზავნეს. 24 ივლისს ტვ პირველის წამყვანის, ნინო ჟიჟილაშვილის კითხვაზე, თუ არის რამე სიახლე ე.წ „გახარიას წერილის“ ექსპერტიზასთან დაკავშირებით, ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ თქვა:

„ჯერჯერობით პასუხი არა გვაქვს, მაგრამ რახან ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს, ნიშნავს, რომ საინტერესო პასუხს ველოდებით. რაიმე რომ არ აღმოჩენილიყო იმ წერილზე, აქამდე პასუხი იქნებოდა, რომ ვერ აკეთებდნენ ექსპერტიზას. რახან პასუხი დღემდე არ დაბრუნებულა, ალბათ საინტერესო შედეგი იქნება“, — თქვა ზვიად კორძაძემ.

„თუ ექსპერტიზა ვერ ტარდებოდა, გვექნებოდა პასუხი, რომ ექსპერტიზა ვერ ტარდებოდა. რახან დღემდე პასუხი არა გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ ექსპერტიზა მიმდინარეობს და პასუხიც იქნება“, — დასძინა მან.

მინისტრმა გახარიამ წერილს უწოდა „ფეიკ წერილი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი