ახალი ამბები

HRW: სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებათა დაუსჯელობა პრობლემად რჩება

29 იანვარი, 2015 •
HRW: სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებათა დაუსჯელობა პრობლემად რჩება

“სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამო დაუსჯელობა კვლავაც პრობლემად რჩება, რადგან ასეთი სახის დანაშაულების გამოსაძიებლად საქართველოს არ გააჩნია დამოუკიდებელი ქმედითი მექანიზმი” – აღნიშნულია “ჰუმან რაითს უოჩ”-ის ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ცნობა, რომ აგვისტოში თბილისის ერთ-ერთი უბნის პოლიციის შენობაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მოქალაქე გიორგი ცომაიას, რომელმაც არაფხიზელ მდგომარეობაში მიაკითხა პოლიციის უბანს ღამით და მოითხოვა, მისთვის 2013 წელს სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულების სახით ჩამორთმეული მობილური ტელეფონის დაბრუნება.

 

კვლევაში ნათქვამია, რომ ცომაიამ განაცხადა, თუ როგორ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა  დაახლოებით თერთმეტმა პოლიციელმა, რის შედეგადაც სახეზე და თავზე დაზიანებები აღენიშნებოდა. ამის  შემდეგ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ ანგარიშის მომზადების დროს ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ცომაიას სარჩელის შესწავლა.

 

ანგარიშში მოხმობილია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სტატისტიკა, რომლის მიხედვით, 2014 წლის 10 თვის განმავლობაში სულ მცირე 50 საჩივარი მიიღო ორგანიზაციამ; მათგან 31 პოლიციის, ხოლო 19 ციხის პერსონალის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხებოდა.

 

“ჰუმან რაითს უოჩმა” საქართველოს დამცველის ოფისზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში ჯანმრთელობის დაცვის კუთხით გადადგმულია პოზიტიურ ნაბიჯები, თუმცა გაამახვილა ყურადღება “ციხეებში რამდენიმე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ შემაშფოთებელ გარემოებებზე” .

მასალების გადაბეჭდვის წესი