“მკაფიოდ ჩამოყალიბებული კრიტერიუმების არარსებობა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ საქმეზე უნდა დაწყებულიყო სამართლებრივი დევნა, აგრეთვე შთაბეჭდილება, რომ გამოძიების სამიზნე ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები იყვნენ, ოპოზიციას საფუძველს აძლევდა ემტკიცებინა, რომ მათი აქტივისტები პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდნენ”, წერია ორგანიზაციის ანაგარიშში.
ანგარშში აღნიშნულია, რომ პროკურატურის მიერ შესწავლილ ათასობით საჩივარზე, რომლებიც რამდენიმე კატეგორიად იყოფოდა აღნიშნულ საჩივრებთან დაკავშირებით, ათეულობით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ძირითადად ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ.
ივლისში გამოქვეყნებულ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მომზადებულ ანგარიშს გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის შედეგებზე არ დაუფიქსირებია მნიშვნელოვანი პროცედურული თუ სამართლიანი სასამართლოს ნორმების დარღვევა, აცხადებს “ჰუმან რაითს უოჩი”.
ანგარიშში აღნიშნულია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის დაუსწრებლად ბრალის წარდგენის შესახებ, ასევე, მისი და მისი ოჯახის წევრების ქონებისთვის ყადაღის დადება.
ანგარიშში წერია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაპატიმრება ოპოზიციისთვის გახდა საფუძველი იმისა, ესაუბრათ დარღვეულ წინასაარჩევნო მორატორიუმზე, რომელიც აპრილში გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა იმ ადამიანების მიმართ, ვინც თვითმმართველობის საარჩევნო კამპანიაში იყო ჩაბმული.
“ჰუმან რაითს უოჩის” ანგარიშში ნახსენებია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნისა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვანო მერაბიშვილითვის პატიმრობის შეფარდების შესახებ.
ანგარიშში არა მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების წინააღმდეგ, არამედ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების შესახებაცაა საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მისი მომზადების დროს დაცვის მხარეს ჯერ კიდევ არ ჰქონდა წვდომა მტკიცებულებებზე იმ მოტივით, რომ მათ შორის საიდუმლო დოკუმენტები იყო, “რითაც შეილახა ეფექტიანი დაცვის განხორციელების უფლება”.