ახალი ამბები

წამებას ემსგავსება უკვე თქვენთან გასაუბრება – მეთოფიშვილი თოდუას

24 ივლისი, 2019 • 1152
წამებას ემსგავსება უკვე თქვენთან გასაუბრება – მეთოფიშვილი თოდუას

წამებას ემსგავსება უკვე თქვენთან გასაუბრება, – მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ილონა თოდუას, რომელთანაც გასაუბრება დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

“თუ სხვის უფლებებზე დარდობს საბჭოს ზიგიერთი წევრი, მეც ვდარდობ თქვენს უფლებებზე. ნამდვილად წამებას ემსგავსება ეს ერთი და იგივე იაფფასიანი შეკითხვები სხვადასხვა ინტერპრეტაციით და თქვენ დაიღალეთ. აქედან გამომდინარე მხოლოდ ერთ შეკითხვას დაგისვამთ – რა თქვა ანა დოლიძემ ისეთი, რომ თვითაცილება გააკეთა?”, – მიმართა მეთოფიშვილმა თოდუას.

ილონა თოდუას თქმით, არ იცის კონკრეტული მიზეზი, თუმცა ვარაუდობს, რომ ანა დოლიძემ თვითაცილება გააკეთა მის მიერ ილონა თოდუასადმი მანამდე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო, რათა ტენდენციურობაში არ დაედანაშაულებინათ.

ანა დოლიძემ ილონა თოდუასთან გასაუბრების დაწყებამდე თვითაცილების საკითხი დააყენა და განმარტა, რომ ამის საფუძველი მის მიერ კანდიდატის მისამართით გაკეთებული საჯარო განცხადებებია.

„ილონა თოდუა არც ჩემი რძალია, არც ჩემი ნათესავი ან ოჯახის წევრი. მიუხედავად ამისა, მე გამოთქმული მაქვს საჯარო მოსაზრება მასთან დაკავშირებით და ეს მოსაზრება ასევე ეხება ჩემს საქმიანობას ე.წ. წინააღმდეგობის მოძრაობაში ბევრად ადრე, ვიდრე იუსტიციის საბჭოს წევრი გავხდებოდი. შესაბამისად, რადგანაც ამ კანდიდატთან მიმართებით ჩემი აზრი მაქვს გამოთქმული, ვფიქრობ, მე არ უნდა მივიღო მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თითქმის ყოველდღიურად, დღეში სამ კანდიდატთან იმართება. კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დილიდან გვიან ღამემდე მიმდინარეობს. ამის გამო ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ გასაუბრების პროცესი რამდენჯერმე პროტესტის ნიშნად დატოვეს.

დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ასევე აპარატის თანამშრომლები, რომლებსაც ზეგანაკვეთური მუშაობა უწევთ, დანამარტს მიიღებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი