ახალი ამბები

ზურაბ ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილთან დებატებისთვის მზადაა

29 იანვარი, 2015 •
ზურაბ ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილთან დებატებისთვის მზადაა

“ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მზად არის დაჯდეს დებატებში ნებისმიერთან, ვინც ამტიკიცებს, რომ ლარის გაუფასურება არის პრობლემა და ეკონომიკაში არის პრობლემები. მე, ზურაბ ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, მთავარი ოპოზიცური პარტიის აღმასრულებელი მდივანი ვაცხადებ სრულ მზადყოფნას ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერ დროს, როცა ეს ადამიანი ჩათვლის, რომ ის არის მზად, დავჯდე მასთან პირდაპირ ეთერში და ავუხსნა, რატომ არის ეროვნული ვალუტის გაუფასურება ქვეყნისთვის პრობლემა და როგორ აზარალებს ეს საქართველოს გაჭირვებულ მოსახლეობას”,- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომაპნია “იმედთან” საუბრისას განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება საზოგადოებას ტვირთად არ აწევს და მზად არის ამ საკითხზე ეკონომიკის ექსპერტებთან ეთერით დებატები გამართოს:

 

“ლარი იქცევა ძალიან ჯანსაღად, ძალიან ჯანმრთელად და მე სპეციალისტებთან შემიძლია, თუ აქვთ სურვილი ტელევიზიით გამომიწვიონ და დავჯდები, სპეციალისტობაზე ვისაც აქვს პრეტენზია, რომ ეკონომიკა  იცის. ლარი იქცევა ძალიან ადეკვატურად იმ პროცესებთან მიმართებაში, რაც ხდება შიგნით და გარეთ. არაფერი ცუდი არ ხდება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ივანიშვილის შეფასება არაადეკვატურია:

 

“ჩვენ გვინდა განვაცხადოთ, რომ ლარის გაუფასურების გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, მათ შორის პოლიციელებს, სამხედრო მოსამსახურეებს, ექიმებს, პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს. ყველა იმ ადამიანს, რომელიც სახელმწიფოსგან იღებს ან ხელფასს, ან სოციალურ დახმარებას. პრობლემები შეექმნათ იმ ადამიანებს, რომლებსაც სესხი აქვთ აღებული დოლარში და გაცილებით მეტის გადახდა უწევთ საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ვიდრე აქამდე უწევდათ. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო უნდა იყოს პატარა ქვეყანა ამბიციების გარეშე და ნელი ეკონომიკური ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ამ ადამიანის გადმოსახედიდან, რომლის ქონება რამდენიმე მილიარდია და უზრუნველყოფილი აქვს საკუთარი შვილების და შვილიშვილების ცხოვრება , ცხადია, ეს არ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ პრობლემა არის ეს საქართველოს მოსახლეობისთვის, ჩვენთვის, ვისაც გვსურს, რომ ჩვენმა შვილებმა მაინც მოასწრონ განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენ გვეჩქარება ქვეყნის სწრაფი განვითარება, ამ ადამიანს ეს შეიძლება არ ეჩქარებოდეს”,-ამბობს ჯაფარიძე.

 

ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს 100 აშშ დოლარი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 199 ლარი, ხოლო კომერციულ ბანკებში 2, 039 ლარი ღირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი