ახალი ამბები

ტარიფის ინტეგრაცია არ ნიშნავს ტარიფის გაძვირებას –  თბილისის მერია

24 ივლისი, 2019 •
ტარიფის ინტეგრაცია არ ნიშნავს ტარიფის გაძვირებას –  თბილისის მერია

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე განმარტავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის გაძვირებაზე საუბარი არ არის. მისი თქმით, მოსახლეობისთვის მხოლოდ გადახდის სისტემა შეიცვლება.

“ტარიფის ინტეგრაცია არ ნიშნავს ტარიფის გაძვირებას. თითოეული მოქალაქე რასაც დღეს გაიღებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით არაკომფორტული მგზავრობისთვის, იგივეს გადაიხდის საზოგადოებრივი ტრანსპორტით კომფორტული მგზავრობისთვის, ერთიანი ინტეგრირებული ისეთი გადახდის სისტემით, რომელიც მუშაობს მთელ განვითარებულ მსოფლიოში”, – აცხადებს ბითაძე.

თუმცა, როგორც “სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის” ჯგუფის ხელმძღვანელი ასმათ აბესაძე “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში ამბობს, ინტეგრირებული ტარიფი 80 თეთრიდან 1 ლარამდე უნდა იყოს. სწორედ აღნიშნული კომპანია არის ჩართული თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის პროცესში. 

“მგონია, რომ საათნახევარი მგზავრობა მინიმუმ 80 თეთრიდან 1 ლარამდე იქნება, ოღონდ ამ ინტეგრირებულ ტარიფში შევა მიკროავტობუსებიც. ვიღაცას მგზავრობა გაუიაფდება, ვიღაცას იგივე დარჩება. არავის მგზავრობა არ გაუძვირდება, მაგრამ გაუმჯობესდება მომსახურება. გარდა ამისა, ქეშით გადახდა საერთოდ ამოვარდება. ერთხელ გადაიხდით, მოახდენთ ბარათის ვალიდაციას და იმგზავრებთ სხვადასხვა ტრანსპორტით”,  – აცხადებს აბესაძე.

როგორც თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ამბობს, ახლა მიმდინარეობს მუშაობა ინტეგრირებულ ტარიფზე, რაც გულისხმობს საათნახევრის განმავლობაში რამდენიმე ტრანსპორტის გამოყენების შემთხვევაში მხოლოდ ერთხელ გადახდას. გარდა ამისა, მაია ბითაძე განმარტავს, რომ შენარჩუნდება დღეს მოქმედი ყველა სამგზავრო შეღავათიც.

“ერთჯერადად გადახდის საათნახევრიან სისტემაში დღეისთვის ჩართული არის მხოლოდ ავტობუსი და მეტრო. ჩვენი მიზანია, ამ საათნახევრიან სისტემაში ასევე ჩაერთოს სამარშრუტო ტაქსები… მგზავრს ექნება უფლება, აიღოს ერთთვიანი, ერთწლიანი ან გარკვეული მარშრუტების მიხედვით ბარათები. თუ მგზავრი ყოველდღიურად იყენებს, მაგალითად, მეტროსა და სამარშრუტო ტაქსს, შესაძლებელი იქნება რამდენიმეთვიანი ბილეთის აღება, სადაც ისინი იქნება გაერთიანებული”, – განმარტავს მერის მოადგილე.

ბითაძე ასევე აღნიშნავს, რომ გადახდა, სავარაუდოდ, მხოლოდ ელექტრონულად იქნება შესაძლებელი და გაუქმდება ნაღდი ფულით ანგარიშსწორების სისტემა. მეტი დეტალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია დაახლოებით ნოემბერში გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი