“გასული წლის მეორე ნახევარში მსოფლიო ბაზარზე დაიწყო ნავთობის ბაზარზე ფასების შემცირების ტენდენცია და დღეის მდგომარეობით, სახეზე გვაქვს დაახლოებით 60%-იანი კლება. ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ადეკვატური ასახვა უნდა ჰქონოდა ქართულ ბაზარზე, მაქსიმუმ ერთ ან ორ თვეში. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და ჩვენი საზოგადოების სამართლიანი უკმაყოფილების სასაბაბი გახდა და გააჩინა კითხვები”, – განაცხადა დღეს მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ფაქტია, რომ ნავთობიმპორტიორი კომპანიების ფაქტობრივი საოპერაციო ხარჯები არ გაზრდილა და შემცირდა საერთაშორისო ბაზრებზე შეძენილი ნავთობპროდუქტების ფასი.
“მაგრამ, სამწუხაროდ, გაუგებარი რჩება, ამ ფასთა სხვაობის ეფექტით რატომ ვერ ისარგებლა ადგილობრივმა მომხმარებელმა. ჩემი აზრით, ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პირობებში უნდა მომხდარიყო კომპანიების მიერ ადეკვატური საფასო პოლიტიკის განხორციელება, თუმცა ამის საპირისპიროდ სახეზე არის კომპანიების მიერ ფასების შედარებით უმიშვნელო შემცირება. გარდა ამისა, არაერთხელ დაფიქსირდა შუამავალი კომპანიების მიერ ერთი და იმავე სახის ნავთობპროდუქტების რადიკალურად განსხვავებულ ფასებში შეძენა. ეს არის კონკურენციის კანონის დარღვევა, კერძოდ, ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აკრძალულია გარკვეული სავაჭრო პარტნიორების მიმართ იდენტურ ტრანსაქციებზე განსხვავებული ან დისკრიმინაციული პირობების გამოყენება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კონკურენციის სააგენტოს მიერ გრძელდება ამ საკითხის სიღრმისეული კვლევა.
“და მინდა დავარმწუნო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და ჩვენი მომხმარებლები, რომ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე ხელისუფლება გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს და კანონის ფარგლებში დავიცავთ ჩვენი მომხმარებლების ინტერესებს”, – განაცხადა პრემიერმა.
კონკურენციის სააგენტო ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევაზე 2014 წლის 18 დეკემბრიდან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მუშაობს. პრემიერის მიერ სააგენტოსთვის ანგარიშის წარსადგენად დათქმული 10-დღიანი ვადა 2014 წლის დეკემბერში ამოიწურა, თუმცა, როგორც სააგენტოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, პრემიერს შუალედური ანგარიში უკვე წარუდგინეს.