ახალი ამბები

აშშ-ის თავდაცვის მდივნად მარკ ესპერი დაინიშნა

24 ივლისი, 2019 • 785
აშშ-ის თავდაცვის მდივნად მარკ ესპერი დაინიშნა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნად მარკ ესპერი დაინიშნა. მის კანდიდატურას სენატის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა და ასე დაასრულა უგრძესი პერიოდი ქვეყნის ისტორიაში, როცა პენტაგონს ხელმძღვანელი არ ჰყავდა.

Reuters-ის თანახმად, 90-მა სენატორმა მის სასარგებლოდ მისცა ხმა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა. ესპერმა კენჭისყრის შემდეგ თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე დადო ფიცი უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან, სამუელ ალიტოსთან ერთად. ცერემონიას, რომელსაც რესპუბლიკელი კანონმდებლები ესწრებოდნენ, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მასპინძლობდა.

55 წლის ესპერი ყოფილი სამხედროა. მუშაობდა აშშ-ის სენატის საგარეო ურთირთობათა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტებში, ბოლოს კი შეიარაღებული ძალების მდივანი იყო. ის ასევე საქმიანობდა იარაღის მწარმოებელი კონტრაქტორი კორპორაციის, Raytheon-ის ლობისტად. სწორედ ამ უკანასკნელთან კავშირის გამო ვერ მიიღო მან დემოკრატი სენატორის, ელიზაბეთ უორენის მხარდაჭერა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატობისათვის იბრძვის. უორენი ერთადერთი იყო შეიარაღებული ძალების კომიტეტში, რომელიც ესპერის კანდიდატურის წინააღმდეგ წავიდა.

პენტაგონს ხელმძღვანელი დეკემბრის შემდეგ არ ჰყავდა, როცა ყოფილი თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი ტრამპის პოლიტიკისაგან განსხვავებული ხედვების გამო გადადგა. ტრამპის მიერ ესპერამდე წარდგენილმა კანდიდატმა, პატრიკ შანაჰანმა, კანდიდატურა მოხსნა მას შემდეგ, რაც მისი მხრიდან ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობები გავრცელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი