პარლამენტის მიერ “ბრუნვის გადასახადის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ მცირე და საშუალო ბიზნესი მუშაობას ვერ შეძლებს, განაცხადეს ბიზნესმენებმა 27 იანვარს ერევანში გამართული საპროტესტო აქციის დროს. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ითხოვენ კანონში შეტანილი ცვლილებების გაუქმებას და არა გადავადებას.
2015 წლის 1 თებერვალს “ბრუნვის გადასახადის შესახებ” კანონში შესული ცვლლებების თანახმად, 3,5%-დან 1%-მდე მცირდება ბრუნვის გადასახადი მცირე ბიზნესისთვის. ასეთია ბიზნესი, რომლის წლიური ბრუნვა 58 მილიონი დრამია (დაახლოებით 100 000 აშშ დოლარი). ამასთან ერთად, სახელმწიფო აძლიერებს კონტროლს ანგარიშ-ფაქტურებზე. ეს იმას ნიშნავს, ბიზნესმენი ვალდებულია დოკუმენტურად დაუსაბუთოს საგადასახადო ორგანოებს საკუთარი სავაჭრო ბრუნვის შესახებ და შესაბამისი გადასახადი გადაიხადოს. ანუ, ბიზნესმენები ვალდებულნი არიან სომხეთის ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ანგარიში და ანგარიშ-ფაქტურა ყველა პროდუქციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან საგადასახადო სამსახურის მიერ.
ბიზნესმენები ირწმუნებიან, რომ ახალი მოთხოვნების შესრულება შეუძლებელია, რადგან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ხშირად არ აწვდიან დოკუმენტაციას საქონელის შესახებ.
ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ცვლილებები კანონში მხოლოდ გააუმჯობესებს ბიზნესმენების მდგომარეობას, წერს “კავკაზსკი უზელი”.
ბიზნესმენებმა მათ მიერ ერევანში გამართულ აქციას, რომლის დროსაც პარლამენტის შენობისკენ ზურგით იდგნენ, უწოდეს “უგულებელყოფა უგულებელყოფის წინააღმდეგ”. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაში მონაწილეების რაოდენობა ათას ადამიანს აღწევდა. მომიტინგეები სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვდნენ, მაგრამ შეხვედრა არ შედგა. მათი მოთხოვნების უგულებელყოფის შემთხვევაში, აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მასობრივი გაფიცვებითა და შიმშილობის აქციებით დაემუქრნენ.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |