ახალი ამბები

ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი ააშენებს

23 ივლისი, 2019 •
ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი ააშენებს

ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი ააშენებს. მთავრობამ მოიწონა კომპანიასა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.

მიმდინარე წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის კორპორაციას (CRCC) და მის ორ შვილობილ კომპანიას, — ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის საერთაშორისო კორპორაციას (CRCC International) და ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს (CR23), — საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტზე გამოვლენილი დარღვევების გამო, მსოფლიო ბანკმა 9 თვით აუკრძალა საკუთარ ტენდერებში მონაწილეობა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებდა, რომ კომპანიის შესაძლო გადაცდომები საგზაო დეპარტამენტმა დაადგინა და პროექტის დამფინანსებელს, მსოფლიო ბანკს აცნობა:

“მსოფლიო ბანკის შიდა კომიტეტმა განიხილა ჩვენ მიერ მიწოდებული იფორმაცია, რის საფუძველზეც 9 თვის განმავლობაში შეუზღუდა ამ კომპანიას არა სამუშაოების შესრულება, არამედ ახალ ტენდერებში მონაწილეობის მიღება. შესაბამისად, ეს შეზღუდვა შეეხება 9-თვიან პერიოდს ამ კომპანიისა და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ ტენდერებს. ეს კომპანია ვეღარ მიიღებს მონაწილეობას 9 თვის განმავლობაში იმ ახალ ტენდერებში, რომელსაც მსოფლიო ბანკი გამოაცხადებს.”

მსოფლიო ბანკის თანახმად, წინასწარი კვალიფიკაციისა და ფასის შეთავაზების ეტაპებზე აღნიშნულმა სამმა კომპანიამ „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ პერსონალზე, აღჭურვილობასა და გამოცდილებაზე მცდარი ინფორმაცია წარადგინა. უფრო ზუსტად, მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, დამფუძნებელი კომპანიის, „ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის კორპორაციის“ (CRCC-ის) პერსონალი, აღჭურვილობა და გამოცდილება ისე გაასაღეს, თითქოს ეს „23-ე ჯგუფისა“ ყოფილიყო. არადა, ადგილზე არა მთავარი კომპანია (CRCC), არამედ „23-ე ბიურო“ მუშაობდა.

მსოფლიო ბანკის ადმინისტრაციული სანქციების სისტემა ამ ქმედებას თაღლითობად მიიჩნევს. სწორედ ამის გამო ბანკმა 5 ივნისს განაცხადა, რომ ამ კომპანიებს 9 თვით აუკრძალეს მათ ტენდერებში მონაწილეობა.

რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის გზაზე დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის – 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის  მშენებლობა, მათ შორის- ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბი სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, აღნიშნული გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის.

უწყების ცნობითვე, პროექტის დასრულების შემდეგ, არსებული 35 კმ-იანი გზის ნაცვლად, ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-ით შემცირდება და 1-საათიანი მგზავრობის ნაცვლად აღნიშნული გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი.

ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარებისა  და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებენ. სამშენებლო სამუშაოები  2019 წლის ბოლოს უნდა დაიწყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი