რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ზედამხედველობის სამსახურმა ქვეყანაში არ დაუშვა საქართველოდან შეტანლი 19 ტონა ატამი და ვაშლატამა. ამის შესახებ ინფორმაციას Lenta.ru ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ხილის პარტიაში მავნებელი მწერი აღმოაჩინეს. აღმოჩენილი მწერი, ფიტოსანიტარიის ზედამხედველობის სამსახურის განცხადებით, მოსავლის 90%-ს შეუქცევად ზიანს აყენებს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ტვირთის მფლობელმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა, თავად პროდუქტი კი საქართველოში დააბრუნეს.
მანამდე, რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველმა უწყებამ (როსპოტრებნადზორი) 24 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოდან რუსეთში შეტანილი ღვინისა და სხვა ალკჰოლური სასმელების ხარისხი წლიდან წლამდე უარესდება, რის გამოც აძლიერებს კონტროლს ქართულ პროდუქციაზე.