ახალი ამბები

გორში დაშავებული მუშის დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელია – კლინიკა

23 ივლისი, 2019 • 894
გორში დაშავებული მუშის დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელია – კლინიკა

გორის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლის მდგომარეობა, რომელიც ავტომობილის საბარგულიდან გადმოვარდა, კვლავ უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” კლინიკა “გორმედში” განუცხადეს.

კლინიკაში ამბობენ, რომ 57 წლის მამაკაცის დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელია.

“გუშინ ჩატარებული ინტენსიური რეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ შედარებით დასტაბილურდა ვითარება და შესაძლებელი გახდა ქირურგიული ოპერაციის გაკეთება – პაციენტს დაზიანებული თირკმელი ამოუღეს. თუმცა ეს მდგომარეობას არ ცვლის, რადგან ქალა-ტვინის ძლიერი ტრავმა აქვს მიღებული”, – აღნიშნავენ “გორმედში”.

ინციდენტი გორში 22 ივლისს მოხდა. qartli.ge-ის ინფორმაციით, ის ზილის მარკის ავტომობილში იმყოფებოდა და ხელში ბანერი ეჭირა, ქარის გამო კი ავტომობილიდან ბანერთან ერთად გადმოვარდა.

გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის დაწყებული.

“ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი