“გუშინდელმა ჩანაწერმა დამაფიქრა, შევშფოთდი, ჩემი დასკვნებიც გავაკეთე, რა უნდა მოხდეს და როგორ, მაგრამ დღეს დამატებულმა ახალმა ჩანაწერებმა უკვე მაფიქრებინა, რომ ეს “ნაციონალური მოძრაობის” სერიალი, როცა ასეთ რამეს დგამს პოლიტიკური პარტია, მით უმეტეს, გამოცდილი სერიალების დადგმაში, პიარში, ინტრიგებში და ათას მსგავს ფაქტებში, მაფიქრებინებს, რომ ეს მათი დადგმულია და ერთი დიდი სცენარის ნაწილია. აქ უკვე ყველაფერს უნდა ველოდოთ, იმიტომ, რომ ამ ძალაში ძალიან ბევრი საკმაოდ ნიჭიერი “სცენარისტია” იმ გაგებით, რომ გააკეთოს სიბინძურე და ასე ებრძოლოს ხელისუფლებას”,-ამბობს საგანელიძე.
“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, ამტკიცებს თუ არა, რომ ეკა ყუშიტაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” დაქირავებული მსახიობია, დავით საგანელიძე პასუხობს:
“შეიძლება მსახიობი არ იყოს, მაგრამ შეიძლება ასეთი მსახიობი, რომ ათქმევინო და გააკეთებინო ეს ყველაფერი და შემდეგ ისეთი რაკურსით წარმოადგინო, რომ ამას სხვა დატვირთვა მისცე. ასეთი მსახიობები შეიძლება არ იყვნენ, მაგრამ შენ გაამსახიობო და გამოიყენო შენი მიზნებისთვის”,- განაცხადა საგანელიძემ.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 27 იანვარს გაავრცელა ორი ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ახდენს ზეწოლას პოლიციელზე მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით ცინარიძის დახმარებით. პარტიამ დღეს მორიგი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობის” მტკიცებით შსს-ს მაღალჩინოსანი, პოლიციის პოლკოვნიკი ზურაბ ბერიკაშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს იარაღით ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე გავრცელებულ მასალაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
