ახალი ამბები

ინფორმაცია გაჰქონდა მელაძესთან, როგორც ე.წ. ვირთხას – ზარდიაშვილი ბესელიაზე

23 ივლისი, 2019 • 1029
ინფორმაცია გაჰქონდა მელაძესთან, როგორც ე.წ. ვირთხას – ზარდიაშვილი ბესელიაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიას ადანაშაულებს მმართველი გუნდიდან ინფორმაციის გატანაში  და შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით მოიხსენიებს მას.

“ეკა ბესელია ნოდარ მელაძესთან იყო პირდაპირ მიბმული, როგორც საზოგადოებაში მოიხსენიებენ, ე.წ. ვირთხა, რომელსაც გაჰქონდა შიგნიდან ინფორმაციები”, – ეს განცხადება ზარდიაშვილმა მედიასთან საუბრისას გაახმიანა.

ის ირწმუნება, რომ ბესელია “ქართული ოცნების” გუნდში ყოფნის პერიოდში “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ფარულად აწვდიდა ცნობებს საკითხებზე, რომლებსაც სხდომებზე განიხილავდნენ. ზარდიაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ ერთ-ერთ ასეთ სხდომაზე ბესელიას “კორუფციასთან სიახლოვეზეც” დაისვა კითხვები.

“მას ჰქონდა პირდაპირი კავშირი ნოდარ მელაძესთან და მისი მეშვეობით ჟონავდა ხოლმე უმრავლესობის სხდომებიდან ინფორმაცია. ამის დამადასტურებლად მე გეტყვით ერთ ფაქტს: იმ ცნობილი უმრავლესობის სხდომიდან, სადაც ეკა ბესელიასთან მიმართებაში დაისვა კორუფციასთან მის სიახლოვეზე კითხვები, რატომღაც სხდომიდან ამ ინფორმაციას არ გაუჟონავს და მხოლოდ და მხოლოდ გამოვიდა ის ინფორმაცია, ვითომდა ირაკლი კობახიძემ მოუხადა ეკა ბესელიას ბოდიში. არადა, იმ შეხვედრაზე ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ ბესელიას კორუფციულ საკითხებზე დაუსვა კითხვა. რატომღაც ამ ინფორმაციამ არ გაჟონა, რადგან ბესელიას არ აწყობდა ამ ინფორმაციის გაჟონვა”, – ამბობს ზარდიაშვილი.

დეპუტატის ბრალდებებს ეკა ბესელია TV პირველის ეთერში გამოეხმაურა. მისი თქმით, ზარდიაშვილის ბრალდებები, როგორც გუნდიდან ინფორმაციის გატანაზე, ისე კორუფციაზე, არასერიოზულია. მან ვანო ზარდიაშვილს “ფსკერი” და “არარაობა” უწოდა.

“აქ ძალიან მარტივი რამე არის: ჯერ ერთი, ტელევიზიის ჟურნალისტები რომ კომენტარზე მიკავშირდებიან, ეს არის ის მაქსიმუმი კომუნიკაციის ფორმა, რომლითაც მე მაქვს კომუნიკაცია მედიასთან. ამის იქით ამ ბოდვებზე სერიოზულ კომენტარის არ ვაპირებ.

იმ სხდომას რაც შეეხება, ვინ გაბედავდა, რომელ კორუფციულ თემაზე გაბედავდა ვინმე ჩემთან ლაპარაკს?ვინმეს ხომ არაფერი ეშლება, უკაცრავად? კორუფცია მოიკითხეთ ზარდიაშვილებთან, მათიკაშვილებთან, ოხანაშვილებთან, ამ გუნდში, ტენდერები, ერთმანეთის ოჯახის წევრები… ჩემი ოჯახი როგორც ცხოვრობდა, ისე ცხოვრობს. ახლა შეხედეთ მათ ვითარებას”, – განაცხადა ბესელიამ და ასევე აღნიშნა, რომ ამავე სხდომაზე ბიძინა ივანიშვილს კორუფციულ სქემებზე თავად მიუთითა:

“მე იმ სხდომაზეც დავსვი, სხვათა შორის, საკითხი და ივანიშვილს ვუთხარი, რომ ძალიან კარგად უნდა იცოდე, ვინ აფათურებს ხელებს ამ კორუფციულ სქემებში-მეთქი. თუ არ იცით, შეგვიძლია, მოგიყვეთ-მეთქი. და ხმა ვერ ამოიღეს, ვინ გაბედავდა ჩემთან ამის ლაპარაკს?”

ზარდიაშვილის კომენტარს სოციალურ ქსელში “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმაც უპასუხა. ნოდარ მელაძე განცხადების შინაარსიდან გამომდინარე ასკვნის, რომ მის მიმართ ფარული მიყურადება ხორციელდება.

“ამ ინტერვიუთი დგინდება:

1.ჩემი, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსის საქმიანობის გამო, მმართველი პარტია ახორციელებს, ჩემს უკანონო ფარულ მიყურადებას, იმის დასადგენად, თუ საიდან ხდება ინფორმაციის მოპოვება.

2. იმის გამო, რომ ჩემი სატელეფონო მოსმენების ან სხვა სახის ფარული მიყურადების შესახებ ვერ იქნებოდა გაცემული სასამართლოს სანქცია, იმიტომ, რომ არასდროს!!! ჩემი სახელი არ ფიგურირებდა არცერთ სისხლის სამართლის საქმეში, ხდება უკანონო ფარული მიყურადება.

3. ფარულ მოსმენას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შესაბამისად, დგინდება, რომ სუსი მისმენს უკანონოდ და საუბრის შინაარსის შესახებ ხდება მმართველი პარტიის დეპუტატების ინფორმირება.

მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება დეპუტატის განცხადებაზე, რომელმაც დღეს პრაქტიკულად აღიარა “რუსთავი 2″-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ფარული მიყურადების ფაქტი”, – აცხადებს მელაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი