ახალი ამბები

მე უფრო მაგარი იურისტი ვარ, ვიდრე თქვენ – თადუმაძე ჯანეზაშვილს

23 ივლისი, 2019 • 1298
მე უფრო მაგარი იურისტი ვარ, ვიდრე თქვენ – თადუმაძე ჯანეზაშვილს

არ ვაპირებ საბჭოს წევრებისგან მივიღო შენიშვნები, რა უნდა წამეკითხა და რა არა, – განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა შალვა თადუმაძემ.

კამათი ნაზი ჯანეზაშვილსა და შალვა თადუმაძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც ჯანეზაშვილმა გასაუბრებაზე მყოფ პროკურორს ჰკითხა, თუ გასცნობია სასამართლო სისტემის სტარტეგიას. თადუმაძემ თქვა, რომ სიღრმისეულად არ იცნობს ამ დოკუმენტს, ზოგადი სტარტეგიები არ უყვარს და სამოქმედო გეგმებს უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

“ამ დოკუმენტში თქვენ რომ ჩაიხედოთ და ალბათ, სჯობდა ჩაგეხედათ, უფრო გეცოდინებოდათ, სასამართლო სისტემა სად არის ამ ეტაპზე…” – განაცხადა ჯანეზაშვილმა, რასაც თადუმაძის გაღიზიანება მოჰყვა.

“მაგაზე თუ ვიდავებთ, ქალბატონო ნაზი, მე და თქვენ შორის ვინ უფრო იცნობს სასამართლო სისტემას, მე უფრო ვიცნობ, იმიტომ, რომ მე მაქვს ყოველდღიური შეხება. თქვენ მეჯიბრებით და მეუბნებით, რომ არ ვიმეცადინე აქ მოსვლამდე… მე საერთოდ არ ვიმეცადინე, თუ გაინტერესებთ. მე არ ვარ აქ მოსული “ნამეცადინები იურისტი”. მე მოვედი იმ გამოცდილებით და იმ ცოდნით, რაც წლების მანძილზე დავაგროვე და არ ვაპირებ ახლა საბჭოს წევრებისგან მივიღო შენიშვნები, რა უნდა წამეკითხა და რა არა. თუ გაინტერესებთ, მე და თქვენ შორის ვინ უფრო მაგარი იურისტია, მე ვარ უფრო მაგარი იურისტი… აქ მე სტუდენტი არ მოვედი ჩათვლის წასაღებად. თქვენ დასვით კითხვა და ნუ აკეთებთ კომენტირებას, რა წავიკითხე და რა არა. თქვენ წაგიკითხავთ მთავრობის იმდენი დადგენილება, რამდენიც მე წამიკითხავს? ნუ ვიდავებთ ამაზე”, – მიმართა თადუმაძემ ჯანეზაშვილს.

შალვა თადუმაძემ ასევე უარი განაცხადა პასუხი გაეცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებულ კითხვებზე, აღნიშნა რა, რომ პროკურორს ამის ვალდებულება არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი