ახალი ამბები

ჩნდება ეჭვი, რომ საბჭოს ზოგი წევრი ფორმალობად მიიჩნევს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას – ნაცვლიშვილი

23 ივლისი, 2019 • 1483
ჩნდება ეჭვი, რომ საბჭოს ზოგი წევრი ფორმალობად მიიჩნევს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას – ნაცვლიშვილი

“დემოკრატიის ინდექსი – საქართველო”, რომელსაც პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი თავმჯდომარეობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს აკრიტიკებს. ორგანიზაცია იუსტიციის საბჭოს მოუწოდებს, ეფექტიანად წარმართოს პროცესი და ადამიანის უფლებების, ეთიკის დაცვის მაღალი სტანდარტი აჩვენოს.

“დემოკრატიის ინდექსი” მიესალმება გასაუბრებების ხელმისაწვდომობას ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა  საბჭოში არსებულ სამუშაო გარემოს პრობლემურად მიიჩნევს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აღნიშნულმა ფაქტორმა, შესაძლოა, შერჩევის პროცესსა და მის ეფექტიანობას საფრთხე შეუქმნას.

“არ არის უზრუნველყოფილი სათანადო სამუშაო გარემო პროცესში ჩართული ყველა სუბიექტისთვის. საბჭოს სხდომები არანორმირებული გრაფიკით მიმდინარეობს. ყოველდღე როგორც საბჭოს წევრებს, ისე საბჭოს აპარატის თანამშრომლებს, ასევე პროცესზე დამკვირვებლებს მუშაობა უწევთ ადრე დილიდან ღამის საათებამდე, მხოლოდ მცირე შესვენებებით. აღნიშნული გაუმართლებლად ამცირებს მათ შრომისუნარიანობას და ეფექტიანობას, ასევე ართმევს კანდიდატებს ნორმალურ და ხელშემწყობ სამუშაო გარემოს (მათ ხშირად დილიდან გაურკვეველი დროის განმავლობაში უწევთ ლოდინი, როდის მოვა მათი ინტერვიუს ჯერი)”, – აღნიშნავს ორგანიზაცია და მაგალითად მოჰყავს ფაქტი, როცა ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს სხდომის გვიანობამდე გაგრძელების გამო მისი დატოვება მოუწიათ.

განცხადების ავტორები ასევე მიანიშნებენ მუდმივ კამათზე კითხვების დასმის პროცედურასთან და მისთვის გამოყოფილ დროსთან დაკავშირებით, მეორე მხრივ კი, მიანიშნებენ, რომ საბჭოს ზოგიერთი წევრი გასაუბრებას საკმარისი პასუხისმგებლობით არ ეკიდება. “დემოკრატიის ინდექსისთვის” მსგავსი დამოკიდებულება კითხვებს აჩენს.

“პროცესზე უშუალო დაკვირვების შედეგად იკვეთება, რომ საბჭოს ყველა წევრი ერთნაირი აქტიურობით და ყურადღებით არ არის განწყობილი პროცესის მიმართ, ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ სვამს შეკითხვას და ნაკლები ყურადღებით ისმენს პასუხებს კოლეგების მიერ დასმულ შეკითხვებზე. საბჭოს რიგი წევრების პასიურობიდან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ ისინი მხოლოდ ფორმალურად უყურებენ ამ პროცესს და არ მიიჩნევენ გასაუბრებას, როგორც კანდიდატზე გადაწყვეტილების მიღებისათვის მთავარ ფაქტორს. ამ ფონზე განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წევრები, რომლებიც აქტიურები არიან გასაუბრების პროცესში, რამდენჯერმე გახდნენ მწვავე კრიტიკის და არაეთიკური გამონათქვამების ადრესატები აქტიურობის გამო მათივე კოლეგების მხრიდან”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციის აზრით, ზემოაღნიშნული მიდგომები და პრობლემები აკნინებს როგორც შერჩევის პროცესს, ისე უზენაესი სასამართლოსა და მოსამართლის მაღალ სტატუსს. შესაბამისად, “დემოკრატიის ინდექსი – საქართველო” იუსტიციის საბჭოს წევრებს მოუწოდებს:

“…უზრუნველყონ პროცესის ეფექტიანობა და სათანადო სამუშაო პირობები როგორც საბჭოს წევრების, მოსამართლეობის კანდიდატების და საბჭოს აპარატის თანამშრომლების, ასევე დამკვირვებლებისთვის, სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდონ პროცესს და აჩვენონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და ეთიკური სტანდარტების დაცვის სათანადო სტანდარტი”.

“დემოკრატიის ინდექსი – საქართველო” მიმდინარე წლის მაისში შეიქმნა. მისი გამგეობის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილია, წევრებს შორის კი ქეთევან ჯაფარიძე, ეკატერინე ციმაკურიძე, ვახტანგ სანაია და გიორგი ისაკაძე არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი