ახალი ამბები

თადუმაძის აზრით, დოლიძე-ჯანეზაშვილის მიერ “შიგნიდან კრიტიკა” სასამართლოს სისტემას აზიანებს

23 ივლისი, 2019 • 1350
თადუმაძის აზრით, დოლიძე-ჯანეზაშვილის მიერ “შიგნიდან კრიტიკა” სასამართლოს სისტემას აზიანებს

მთავარი პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემას, როგორც ხელისუფლების შტოს, ერთობა აკლია.

“ხელისუფლების განცდა არ ჩანს. არ ჩანს განცდა, რომ ეს არის ციხესიმაგრე, რომელიც შიგნიდან არ უნდა გატყდეს. ტელევიზორში რომ ხედავ ადამიანს, რომელსაც უკან იუსტიციის უმაღლესი საბჭო აწერია და ამბობს, რომ სასამართლო არ არის დამოუკდიებელი, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, რომელიც არ მივსულვარ სასამართლოში, იგი არ არის დამოუკიდებელი”, – განაცხადა თადუმაძემ.

თადუმაძის თქმით, სასამართლო სისტემას უყურებს არა როგორც ცალკე მდგომ პროფესიონალებს, არამედ როგორც ხელისუფლების შტოს.

“სასამართლოს გააჩნია იდენტური პრობლემა, რაც პროკურატურას. 27 წლის მანძილზე საზოგადოებაში, შეგნებულად თუ შეუგნებლად, მუსირებდა აზრი, რომ ეს არის კორუმპირებული სისტემა. ამას პოლიტიკოსებიც ეხმარებოდნენ და შეიძლება, მოსამართლეებიც და ადვოკატებიც. ამ საფუძველზე დაიწყო მშენებლობა სასამართლოსი, რომელიც ამ კლიშედან უნდა გათავისუფლებულიყო. მაგრამ მივიღეთ სასამართლო, რომელზეც მუდმივად საუბარი იყო, რომ იგი არ არის დამოუკიდებელი; მივიღეთ შემადგენლობა, როდესაც მოსამართლეთა გუნდმა გადაწყვიტა, რომ ხელისუფლების განცდა დანერგოს სასამართლო სისტემაში და შემდეგ პოლიტიკური დარტყმა მიიღო ამის გამო”, – განაცადა თადუმაძემ.

თადუმაძის თქმით, მისთვის, როგორც პროკურორისთვის, ძალიან ცუდი იქნებოდა, რომელიმე პროკურორს ეთქვა, რომ დამოუკიდებელი არ არის. სასამართლო სისტემის შიგნიდან კრიტიკის კონტექსტში მან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ახსენა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი “არ უწყენენ”.

“ხატოვნად, სასამართლო ხელისუფლებას განვიხილავ ციხესიმაგრედ და მთავარია, რომ ის შიგნიდან არ გატყდეს. ჩემთვის, როგორც პროკურორისთვის, ძალიან ცუდი ამბავი იქნება, ჩემი პროკურორი რომ გამოვიდეს და თქვას, რომ ჩვენ არა ვართ დამოუკიდებლები, ვინაიდან მაქსიმალურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ პროკურორი იყოს დამოუკიდებელი და პასუხისმგებელი. ქალბატონი ნაზი და ანა არ მიწყენენ, ძალიან ცუდია, როდესაც არსებობს ფორმატები, რომელიც უზრუნველყოფს ამას… მაგალითად, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მესიჯია, როდესაც იუსტიციის საბჭოს ფონზე მეუბნებიან, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი – რადგან ესენი თვითონ ამბობენ. მოქალაქემ არ ვიცი, ვინ, როდის, როგორ აირჩია, ვიცი, რომ იუსტიციის საბჭო არის სასამართლოს მმართველი ორგანო. და ზოგი გამოდის და იძახის, რომ დამოუკიდებელი ვართო და სხვები გამოდიან და ამბობენ, რომ არა, ესენი დამოუკიდებლები არ არიან, ჩვენზე ხორციელდება ზეწოლა… ამის გადალახვა არის რთული. როდესაც შიგნიდან ამბობ, რომ არ ხარ დამოუკიდებელი, მაშინ  ვერავის დაუმტკიცებ, რომ დამოუკდიებელი ხარ”, – განაცხადა თადუმაძემ.

როგორც თადუმაძემ განმარტა, არ უნდა შეიზღუდოს აზრის გამოთქმა, მაგრამ მიიჩნევს, რომ საბჭო საზოგადოებასთან ისე უნდა ურთიერთობდეს, როგორც ერთიანი სისტემა.

“როგორც პროკურორს და ადვოკატს, პრობლემა არ მაქვს, მაგრამ როცა მოქალაქე ვუყურებ, რომ საბჭოს ემბლემის წინ როდესაც დგას ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ აქ არაფერი პოზიტიური არ ხდება, ბუნებრივია, ამ ინსტიტუტის რეპუტაცია არის ძალიან მძიმე. მე, მოქალაქე, არ უნდა ვუყურებდე იუსტიციის საბჭოს წევრის განცხადებას, თუ რა ცუდია იუსტიციის საბჭო ან სასამართლო”, – დასძინა თადუმაძემ.

ნაზი ჯანეზაშვილმა ჰკითხა, სანდოობა დააკლდება თუ არა მათ კრიტიკას, იუსტიციის ბანერის ფონის ნაცვლად ცარიელ კედელთან რომ დადგნენ და იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსით არ გააკეთონ განცხადებები.

“სასამართლო ხელისუფლების ოფიციალური განცხადება უნდა იყოს ოფიციალური განცხადება. ასეთი განცხადებები აზიანებს და არ წაადგება სასამართლო ხელისუფლებას”, – დასძინა თადუმაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი