ახალი ამბები

პოლონეთში 27 წლის ქართველი მუშა დაშავდა – ოჯახი დახმარებას ითხოვს

22 ივლისი, 2019 • 2318
პოლონეთში 27 წლის ქართველი მუშა დაშავდა – ოჯახი დახმარებას ითხოვს

27 წლის ალექსანდრე ბუხულეიშვილი პოლონეთში მშენებლობიდან მუშაობის დროს გადმოვარდა და დაშავდა. იგი ხერხემლის მძიმე დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს და ჩაუტარდა ოპერაცია.

ოჯახის თქმით, ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა  და სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.

“მისი მდგომარეობა ახლა მძიმეა. კლინიკაში წევს. ოპერაცია გაუკეთდა ხერხემალზე და ჯერჯერობით შეგრძნება არ აქვს. ვითხოვთ დახმარებას”, – უთხრა ნეტგაზეთს დაშავებულის დედამ.

ოჯახი ითხოვს ალექსანდრეს სხვა ქვეყანაში, უკეთეს კლინიკაში გადაყვანას. “იქნებ შეძლოს ფეხზე დადგომა და გავლა”, – უთხრა ნეტგაზეთს დაშავებულის დედამ.

როგორც საგარეო უწყების პრესცენტრში ნეტგაზეთს უთხრეს, ალექსანდრე ბუხულეიშილის საწარმოო ტრავმის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს საკონსულო პოლონეთში და კონსულს პირადად აქვს კომუნიკაცია როგორც დაშავებულთან, ასევე, ოჯახთან. 

“საქართველოს კონსულს პირადად აქვს კომუნიკაცია დაშავებულთან, ასევე საუბარი შედგა იმ კომპანიის დირექტორთან, სადაც დასაქმებული იყო საქართველოს მოქალაქე. ალექსანდრე ბუხულეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოლონეთში საქართველოს კონსული მუდმივ კომუნიკაციაშია მკურნალ ექიმთან, რომელიც აცხადებს, რომ მდგომარეობა არ არის მარტივი. ამ დროისთვის დაზარალებულს ჩაუტარდა ოპერაცია და გარკვეული პერიოდის შემდეგ მას გადაიყვანენ სარეაბილიტაციო ცენტრში”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი