ახალი ამბები

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს თბილისში პოლონეთის საელჩოსთან შეიკრიბებიან

27 იანვარი, 2015 •
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს თბილისში პოლონეთის საელჩოსთან შეიკრიბებიან

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკების, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ნაცისტებმა პოლონეთის დაპყრობის შემდეგ ააშენეს. საკონცენტრაციო ბანაკი ქალაქ ოსვენციმის სიახლოვეს მდებარეობდა. ბანაკი თავდაპირველად პოლიტიკური პატიმრებისთვის იყო გათვლილი, თუმცა შემდეგ საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორია გაფართოვდა და იქ გერმანელების მიერ დაპყრობილი ტერიტორიებიდან ებრაელები, ბოშები და სამხედრო ტყვეები მიჰყავდათ.


1945 წლის 27 იანვარს ოსვენციმის ბანაკი საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს, ეს დღე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ ითვლება. ოსვენციმი მსოფლიოში ერთადერთი საკონცენტრაციო ბანაკია, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობადაა აღიარებული.


ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკთან ცნობილი ქართველი საეკლესიო მოღვაწის გრიგოლ ფერაძის სახელია დაკავშირებული.


გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწე, თეოლოგი, ისტორიკოსი და არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში 1942 წლის 6 დეკემბერს მოკლეს. ცნობილია, რომ მან თავის თავზე აიღო მრავალშვილიანი ებრაელის სასჯელი და მის მაგივრად შევიდა გაზის კამერაში.


1995 წელს გრიგოლ ფერაძე ქართულმა და პოლონურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა წმინდანად შერაცხეს.


გრიგოლ ფერაძე ვარშავის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორი იყო. 1942 წელს იგი ნაცისტებმა ებრაელების მფარველობისა და ქართულ-პოლონური არმიის ოფიცრების დამალვისთვის შეიპყრეს და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს.


სიტყვით “ჰოლოკოსტი” 1933–1945 წლებში გერმანიის ნაცისტური  ხელისუფლების  და მისი მოკავშირეების  მიერ ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, შავკანიანი გერმანელების, ჰომოსექუალების და სხვა უმცირესობების მიმართ განხორციელებული გენოციდი აღინიშნება.


ჰოლოკოსტის შედეგად მიღებული ადამინური მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ჰოლოკოსტს 6 000 000 ებრაელი შეეწირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი