ახალი ამბებისაზოგადოებახელოვნება

3 სტუდენტის მოგზაურობა ევროპის 7 ქვეყანაში საქართველოს პოპულარიზაციისთვის

22 ივლისი, 2019 • 5546
3 სტუდენტის მოგზაურობა ევროპის 7 ქვეყანაში საქართველოს პოპულარიზაციისთვის

SHARA – Georgia on Track არის საქართველოს, მისი ისტორიისა და ტურისტული ადგილების პოპულარიზაციისათვის შექმნილი პროექტი, რომლის ავტორებიც არიან როლიკო ბაღათურია, დიმიტრი ობოლაძე და სტანისლავ მაჰულა.

კამპანიის მონაწილეები ევროპულ ქალაქებში ინგლისურ და გერმანულ ენებზე დამზადებულ საინფორმაციო ბროშურებს დაარიგებენ.

ორი ქართველი და ერთი უკრაინელი სტუდენტი სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილი დიზაინის ავტომობილით მიუნსტერიდან დაიწყებენ მოგზაურობას და 7 ქვეყნის გავლით საქართველოში დაასრულებენ.

3 სტუდენტის მოგზაურობა ევროპის 7 ქვეყანაში საქართველოს პოპულარიზაციისთვის © SHARA – Georgia on Track

გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, უნგრეთი, სერბეთი, ბულგარეთი და თურქეთი – ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომელსაც SHARA – Georgia on Track ერთი კვირის მანძილზე შემოივლის და დაინტერესებულ ადამიანებს საქართველოს შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციას მიაწვდის.

მათი თქმით, პროექტის სამიზნე ჯგუფი არის განსხვავებული და უნიკალური თავგადასავლების მაძიებელი თითოეული ადამიანი.

ავტორების აზრით, საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომლისგანაც ყველა გემოვნების ადამიანს დაუვიწყარი მოგონებები დარჩება.

მრავალფეროვანი ბუნება, გამორჩეული სამზარეულო, ღვინის უნიკალური სახეობები, კულტურული მრავალფეროვნება, მთისა და ბარის იდეალური ნაზავი, თავისუფალი საქართველოს ღამის ცხოვრება – ეს იმ სანახაობათა არასრული ჩამონათვალია, რომელსაც საქართველო თითოეულ სტუმარს სთავაზობს. აქ სტუმრებს განსაკუთრებულად ეპყრობიან, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს”, – აცხადებენ პროექტის ავტორები.

SHARA – Georgia on Track ფეისბუკ და ინსტაგრამ გვერდების საშუალებით დააანონსებს გაჩერებებს თითოეულ ქვეყანაში. ასევე, პროექტის სოციალური გვერდების მეშვეობით, დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ მოგზაურობისათვის თვალის დევნება, საქართველოს შესახებ საინტერესო ფაქტების გაცნობა და სურვილის შემთხვევაში, პროექტის ავტორებთან შეხვედრა რომელიმე ქალაქში, სადაც ისინი უფრო დეტალურად გაეცნობიან საქართველოს.

პროექტის ავტორები კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებენ ყველა იმ ადამიანს, ვისზეც საქართველომ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, რათა საინფორმაციო მასშტაბი მაქსიმალურად გაიზარდოს და ერთობლივი ძალისხმევით საქართველო უფრო ცნობილი და პოპულარული ქვეყანა გახდეს.

SHARA – Georgia on Track სამი მეგობრის მოხალისეობრივი პროექტია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია კამპანიის მხარდასაჭერად საკუთარი წვლილის შეტანა.

  • როლიკო ბაღათურია ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის საჯარო ინოვაციებისა და ელექტრონული მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს და ერასმუსის საერთო სამაგისტრო პროგრამების სტიპენდიანტია.
  • სტანისლავ მაჰულა, ასევე, ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის საჯარო ინოვაციებისა და ელექტრონული მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს და ისიც ერასმუსის საერთო სამაგისტრო პროგრამების სტიპენდიანტია.
  • დიმიტრი ობოლაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს და მარკეტინგისა და გრაფიკული დიზაინის მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი