ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თამარ მეარაყიშვილისთვის ბრალდებების მოხსნა დე ფაქტო პროკურატურამ გაასაჩივრა

22 ივლისი, 2019 • 1200
თამარ მეარაყიშვილისთვის ბრალდებების მოხსნა დე ფაქტო პროკურატურამ გაასაჩივრა

ახალგორის [ლენინგორი] დე ფაქტო პროკურატურამ გასაჩივრების ვადის ამოწურვის დღეს, 20 ივლისს, დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ახალგორელი აქტივისტ თამარ მეარაყიშვილისთვის, ცხინვალის დაქვემდებარებაში არსებული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, მას სისხლის სამართლის ყველა ბრალდება მოუხსნეს და  გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები გაუუქმეს.

“ჯერ არ მაქვს ინფორმცია, თუ რატომ არ ეთანხმებიან პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, რადგან იქ ძალიან სუსტი არგუმენტები ჰქონდათ. მათი სურვილია ჩემი მკაცრად დასჯა, თუმცა მიზეზებს რატომ ვერ ასახელებენ?!”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში მეარაყიშვილი.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, პროკურატურის საჩივარი ჯერ დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ, შემდეგ კი პრეზიდიუმმა უნდა განიხილოს.

“თუკი კოლეგიის გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებენ, პრეზიდიუმის განხილვა არაა ვადებში შეზღუდული და შეიძლება წლები გაგრძელდეს ასე”, – ამბობს მეარაყიშვილი.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალგორის რაიონის [ლენინგორი] პროკურატურამ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს 2018 წლის 12 ივნისს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით – სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონო მიღება საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად გაყალბებული განცხადების საფუძველზე; აღნიშნული გაყალბებული დოკუმენტის გამოყენება და  მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” რეგიონული განყოფილების მიმართ ცილისწამება. იქამდე თამარ მეარაყიშვილი აღნიშნულ საქმეებში ეჭვმიტანილი იყო. პირველი საქმე მის მიმართ ადგილობრივმა პროკურატურამ 2017 წლის 16 აგვისტოს აღძრა.

მაშინ მეარაყიშვილის საქმეზე ცხინვალის ხელისუფლების მისამართით არაერთი განცხადება და მიმართვა გაკეთდა როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველების მხრიდან.

მისი უფლებების სამართლებრივი დაცვა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ იურისტებს არ შეუძლიათ, ამიტომ  გასულ წელს მეარაყიშვილმა მის მიმართ დაწყებული გამოძიების შემდეგ დაიქირავა ადვოკატი, რომელიც ვლადიკავკაზში ცხოვრობს.


მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაწყებამდე თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

თამარ მეარაყიშვილის საქმეებზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი