ახალი ამბები

“კვირის აქცენტებს” დღეს მხოლოდ ეკა კვესიტაძე წაიყვანს

21 ივლისი, 2019 • 1521
“კვირის აქცენტებს” დღეს მხოლოდ ეკა კვესიტაძე წაიყვანს

რუსთავი 2-ის გადაცემა “კვირის აქცენტებს”, რომელიც ყოველ კვირა ნიკა გვარამიას და ეკა კვესიტაძეს მიჰყავდათ, დღეს მხოლოდ კვესიტაძე წაიყვანს. 

ამის შესახებ ეკა კვესიტაძე წერს და აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებენ, ისე, როგორც ეს ნიკა გვარამიამ ასწავლა:

“მეგობრებო, დღეს კვირის აქცენტები იქნება. უნდა ვაღიარო, რომ ეს იქნება ჩემთვის ემოციურად ყველაზე მძიმე ეთერი – ეს გადაცემა ერთი წლის განმავლობაში მიმყავდა იმ ადამიანთან ერთად, რომელიც ჩემთვის იდეისთვის თავგანწირული ბრძოლის საუკეთესო მაგალითი იყო, ვინც მაძლევდა იმის რწმენას, რომ ჩვენ თავისუფალი მედიისთვის დაწყებულ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანდით, ვისიც ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში მჯეროდა და მჯერა – დღეს ეს ადამიანი ჩემს გვერდით აღარ იქნება, თუმცა მხოლოდ სტუდიაში. მაგრამ “კვირის აქცენტების” სტუდიაში ვიქნები მე, სანამ ამ გადაცემას არ დახურავენ – რადგან დღეს თავისუფალი მედიის დაცვის ფრონტის ხაზი ისევ რუსთავი 2-ზე გადის – მე არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ბრძოლა, რამდენი დღე, კვირა, ან შესაძლოა თვეც – მაგრამ რაც ზუსტად ვიცი ის არის, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე ისე, როგორც ეს ნიკა გვარამიამ ამ 7 წლის განმავლობაში გვასწავლა. და რაც მთავარია, ვიბრძოლებთ მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-ში დავმარცხდებით”. 

რუსთავის 2 -ის ამჟამინდელმა მფლობლმა ქიბარ ხალვაშმა 18 ივლისს,  წილების დარეგისტრირების შემდეგ, ნიკა გვარამია გაათავისუფლა დირექტორის თანამდებობიდან.  “ნეტგაზეთმა” ჯერჯერობით ვერ გაარკვია ჰქონდა თუ არა გვარამიას ცალკე კონტრაქტი როგორც წამყვანს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი