ახალი ამბები

თბილისის მერია: ვაკის პარკში “ბუდაპეშტის” მშენებლობის დამკვეთი კომპანია დაჯარიმდა

26 იანვარი, 2015 • • 1204
თბილისის მერია: ვაკის პარკში “ბუდაპეშტის” მშენებლობის დამკვეთი კომპანია დაჯარიმდა

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევის გამო- კერძოდ, ამოღებული ქვაბული ერთ-ერთი ფასადის მხარეს გაცდენილია საკადასტრო წითელ ხაზებს- სამსახურმა დააჯარიმა მშენებლობის დამკვეთი.

 

მერიის ცნობით, მშენებლობის დამკვეთიად ფიქსირდება შპს „გრაალი“, ხოლო მესაკუთრედ – შპს „ტიფლის კოსტავა“. მერიის ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვიდრე არ მოხდება ხარვეზის გამოსწორება, სამშენებლო სამუშაოები ვერ გაგრძელება.

 

მერიის განცხადებით, მშენებლობის დასაშვებობის საკითხს განიხილავს თბილისის მერიის ფარგლებში შექმნილი, პრობლემური მშენებლობების შემსწავლელი შესაბამისი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ქ. თბილისის მერიის, საკრებულოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, სპეციალისტები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციათა მოწვეული წარმომადგენლები.

მერიის ცნობით, კომისიამ 2014 წლის 2 დეკემბერს ერთხელ უკვე იმსჯელა აღნიშნულ მშენებლობაზე და ზოგადად ვაკის პარკის დღევანდელი საზღვრების გაფართოვების საკითხზე. კომისიის გადაყვეტილებით:

მიწის ნაკვეთი, სადაც ბუდაპეშტი უნდა აშენდეს, მდებარეობს გამწვანებული ზონის სიღრმეში და სასტუმრომდე მისასვლელი გზა არასაკმარისი იქნება ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობისათვის. კომისიამ დაუშვებლად მიიჩნია ამ ტერიტორიაზე გზის გასაფართოვებლად ხის ჭრის ნებართვის გაცემა.

მერიის განცხადებით, საქმეს განიხილავს სასამართლო, ხოლო კომისია საკითხის არსებით განხილვას ვერ დაიწყებს, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას. მიწის ნაკვეთის ჩანაცვლების საკითხზე კომპანიის წარმომადგენლებს დაფიქრებისათვის მიეცეთ გარკვეული დრო და შესაძლებელობა შეარჩიონ ალტერნატიული ტერიტორია, აცხადებს თბილისის მერია.

კომისია აუცილებლად მიიჩნევს ვაკის პარკისა და მისი მიმდებარე გამწვანებული ტერიტორიის დაცვას შემდგომი მშენებლობებისგან. ის გარემოება, რომ აღნიშნულ ტერიტორიას მინიჭებული აქვს სარეკრეაციო ზონის სტატუსი, არ აღმოჩნდა საკმარისი გამწვანებული ზონის ეფექტური დაცვისთვის. ამიტომ კომისიამ მოიწონა ვაკის პარკის დღეის მდგომარეობით არსებული საზღვრების გაფართოების საკითხი, წერია კომისიის დასკვნაში.

მერიის ცნობით, იმ ფაქტმა, რომ ჭავჭავაძის 68-ში მდებარე სასტუმრო “ბუდაპეშტის” ტერიტორია ექცევა ვაკის პარკის არსებულ საზღვრებს გარეთ, თბილისის წინა ხელისუფლებას შესაძლებლობა მისცა გაეცა სასტუმროს მშენებლობის ნებართვა. ამისთვის თბილისის ყოფილი მერის 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულებით გახორციელდა სპეციალური ზონალური შეთანხმება და განისაზღვრა მიწის ნაკვეთის განაშენიანების (განაშენიანების ინტენსივობის) კოეფიციენტები. 2013 წლის 20 სექტემბერს კი აღნიშნულის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი