ახალი ამბები

აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება სამართლიანად და აპოლიტიკურად – აშშ-ის საელჩო რ2-ზე

19 ივლისი, 2019 • 1070
აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება სამართლიანად და აპოლიტიკურად – აშშ-ის საელჩო რ2-ზე

რუსთავი 2-თან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, აშშ  აკვირდება ტელეკომპანიის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების ირგვლივ შექმნილ ვითარებას. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია პლურალისტური მედიაგარემოს მნიშვნელობა დემოკრატიისთვის.

“ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე 18 ივლისის გადაწყვეტილების ირგვლივ შექმნილ ვითარებას. სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედიაგარემო დემოკრატიის საძირკველია. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სიტყვის თავისუფლების დაცვისა და მრავალფეროვანი მედიაგარემოს შენარჩუნების საქმეში”,-ნათქვამია განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 18 ივლისის გადაწყვეტილებით, ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაზე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ აღიარა საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დამდგარი განაჩენი. იმავე დღეს, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა.

მალევე ცვლილება “რუსთავის 2”-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი, პაატა სალია დაინიშნა. მოგვიანებით, სალია “რუსთავი 2”-ის ოფისში მივიდა და ნიკა გვარამიას და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს შეხვდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი