ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა. დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 1.3 თეთრით, ევროსთან 2.1 თეთრით გაუფასურდა. ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.88 ლარი, ერთი ევროს ფასი კი 3.24 ლარი გახდა.
გადასახადის გადამხდელთა კავშირის ინფორმაციით, 17 ივლისს ბიზნესგაერთიანებები ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტს შეხვდნენ და სხვა საკითხებთან ერთად ლარის კურსიც განიხილეს. გადასახადის გადამხდელთა კავშირის ცნობით, ლარის კურსის არასტაბილურობა ბიზნესს ხელს უშლის გრძელვადიანი აქტივობების დაგეგმვაში, რაც მისი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, არჩილ მესტვირიშვილმა ბიზნესის წარმომადგენლებს ფორვარდული გარიგებების დადება ურჩია, რათა კურსის მერყეობის გავლენა ბიზნესზე შემცირდეს.
“შეხვედრის მონაწილეებმა ეროვნული ბანკისგან მიიღეს რეკომენდაციები, თუ რა ღონისძიებები და აქტივობებია საჭირო
იმისთვის, რომ შემცირდეს ლარის კურსის მერყეობისგან გამოწვეული ფინანსური რისკები.
შეხვედრისას გამოიკვეთა:
- ეროვნული ბანკი ლარის კურსზე ხელოვნურ ზემოქმედებას არ აპირებს,
ვინაიდან ეს მათი ფუნქცია არ არის, ლარი არის მცურავი სავალუტო
კურსის რეჟიმში. - ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქციაა მიზნობრივი მაჩვენებლის
ფარგლებში ინფლაციის მართვა. - ეროვნული ბანკი იძლევა რეკომენდაციებს ისეთი საბანკო
ინსტრუმენტების გამოყენებისა, როგორიცაა საბანკო ფორვარდი, რაც
გულისხმობს სასესხო ხელშეკრულების გაფორმებას წინასწარ დადგენილი
და შეთანხმებული კურსით, რომელიც აღარ შეიცვლება. ასევე, კრედიტების
აღებას მხოლოდ ლარში”,-წერია განცხადებაში.