ახალი ამბები

“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენდირექტორიც

19 ივლისი, 2019 • 4651
“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენდირექტორიც

ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა “იმედის” აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” თავად ცხვიტავამ დაუდასტურა.

გარდა ამისა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 5 ივლისს შეიცვალა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორიც და გიორგი ბახტაძე, რომელიც ამ თანამდებობას იკავებდა, ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა. მდინარაძე 1990-იანი წლების მიწურულს ბიძინა ივანიშვილის მე-9 არხის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა. აღნიშნული მე-9 არხი ბიძინა ივანიშვილმა ვარდების რევოლუციის შემდეგ დახურა.

ამის შემდეგ ელდარ მდინარაძე მუშაობდა ვანო ჩხარტიშვილის კუთვნილი ტელეკომპანია “მზის” დირექტორის პოზიციაზე.

“ნეტგაზეთი” ასევე დაინტერესდა, თუ იგეგმებოდა სტრუქტურული ცვლილებები ტელეკომპანიაში, რაზეც სამაუწყებლო კომპანიის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა გვითხრა, რომ სტრუქტურასთან დაკავშირებით განხილვები მიმდინარეობს:

“რაღაც განხილვები არის სტრუქტურასთან დაკავშირებით. მიდის მუშაობის პროცესი და, შესაბამისად, ყველაფერი ლაგდება. ჰოლდინგის სტრუქტურაზე მუშაობა მიმდინარეობს” ,- ამბობს ცხვიტავა თუმცა ამ დროისთვის მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი