ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ ნდობა გამოუცხადა ჩვენს მართლმსაჯულებას – პრეზიდენტი

18 ივლისი, 2019 • 1312
სტრასბურგის სასამართლომ ნდობა გამოუცხადა ჩვენს მართლმსაჯულებას – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ, ე.ი. ევროპამ, საქართველოსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებით მან აღიარა განხილული საქმის მიმართ საქართველოს სასამართლოს მიუკერძოებლობა და მისი გადაწყვეტილებების სამართლიანობა. ამით ნდობა გამოუცხადა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემას. ეს ნდობა ძლიერ საფუძველს უქმნის სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის წამოწყებას და, შესაბამისად, ჩვენი დემოკრატიის გაძლიერებას”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილებებით, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ პრინციპს, რომელზეც დგას დემოკრატია და ევროპა: კერძო საკუთრებისა და ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობას.

“როგორც კონსტიტუციით ამ უფლებების დამცველი, მე სრულიად ვიზიარებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სულისკვეთებას და ამ პრინციპების გატარების აუცილებლობას. ასევე მჯერა, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ერთ-ერთ მთავარ დემოკრატიულ პრინციპს, საფრთხე არ დაემუქრება”, – ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი