ახალი ამბები

ევროსასამართლოს გამოხატვის თავისუფლების დარღვევაზე მსჯელობის შესაძლებლობა არ მიეცა – ომბუდსმენი

18 ივლისი, 2019 • 1010
ევროსასამართლოს გამოხატვის თავისუფლების დარღვევაზე მსჯელობის შესაძლებლობა არ მიეცა – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“როგორც სასამართლოს მიერ დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, სამწუხაროდ, გარკვეული პროცედურული გარემოებების გათვალისწინებით, ევროპულ სასამართლოს არ მიეცა სამაუწყებლო კომპანიის გამოხატვის თავისუფლების სავარაუდო დარღვევის საკითხზე არსებითად მსჯელობის შესაძლებლობა”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ჯანსაღ მედიაგარემოს სასიცოცხლო ფუნქცია გააჩნია და  ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

“აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის მესაკუთრეთა ნაწილში უკვე განხორციელებული ცვლილებები უარყოფითად არ აისახება ქვეყანაში პლურალისტური მედიაგარემოს შენარჩუნებაზე და, ამავე დროს, უზრუნველყოფილი იქნება კომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტების შრომითი უფლებები და მათი პროფესიული თავისუფლება”, – ნათქვამია განცხადებაში.


18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება — საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

ქიბარ ხალვაშმა დღესვე მიმართა საჯარო რეესტრს, რის შედეგადაც ტელეარხის მფლობელად დარეგისტრირდა, ხოლო დირექტირად თავისი იურისტი პაატა სალია დანიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი