ბიძინა ივანიშვილი და სოსო რობაქიძე ერთმანეთს იური ვაზაგაშვილის პანაშვიდზე შეხვდნენ, როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტერიტორიას უკვე ტოვებდა.  მათ რამდენიმე წუთით ისაუბრეს, თუმცა გადაღებულ მასალაში მხოლოდ ივანიშვილის ეს დაპირება ისმის. ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს, თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის  თანამშრომელმა მოკლა. ამ დანაშაულისათვის პოლიციელი გიორგი ბაშალეიშვილი გასამართლებულია გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისათვის. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განახლდა ამ საქმის გამოძიება და რამდენიმე პირს წაეყენა სხვადასხვა მუხლით ბრალი, თუმცა სოსო რობაქიძე მიიჩნევს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე სამართალი არ დამდგარა.

 

სოსო რობაქიძე ბიძინა ივანიშვილი
სოსო რობაქიძე ბიძინა ივანიშვილი

 

რაც შეეხება თავად იური ვაზაგაშვილს, იგი 20 იანვარს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით [რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში] დაიწყო.

 

2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს.

 

მაშინდელი გამოძიების ცნობით, სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ, რასაც მაშინვე მოჰყვა საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს.

 

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა  იური ვაზაგაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *