ახალი ამბები

მოცემულობას შევეგუეთ, თუმცა სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით – გვარამია

18 ივლისი, 2019 • 1118
მოცემულობას შევეგუეთ, თუმცა სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით – გვარამია

ნიკა გვარამია ამბობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებას ტელეკომპანია შეეგუა, თუმცა, სრულიად არ ეთანხმება. მას შემდეგ, რაც რეესტრში რუსთავი 2-ის დირექტორად პაატა სალია დარეგისტრირდა, ამავე ტელეარხის ეთერში უკვე ყოფილმა დირექტორმა გვარამიამ თქვა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება დამაბნეველი იყო.

“წულუკიანი ორგზის დამნაშავეა ერთი დღის განმავლობაში, თან სპრინტერული ტემპით ამყარებს… დანაშაულების ჩადენის სტატისტიკას აქვს სერიოზული ტემპით აკრეფილი… ეგეთი აკრეფილი ტემპით, ალბათ, გაუშვებს შემდეგი ხელისუფლება ციხეში და იქნება შემდეგი ხელისუფლება. ცხადია, ის იქნება პროდასავლური და არ იქნება ბიძინა ივანიშვილი. მანამდე რა მოხდება – ამას ცოტა ხანში ვეტყვით საზოგადოებას. ამაზე ცოტა დაფიქრება გვჭირდება იმიტომ, რომ დამაბნეველი იყო სტრასბურგის საოცარი გადაწყვეტილება. დამაბნეველი არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჯერჯერობით თავშეკავება, რაც არ მიმაჩნია გამართულებულად, თუმცა შეიძლება ვცდებოდე“, – ამბობს გვარამია.

მისივე თქმით, მართალია, სტრასბურგის გადაწყვეტილება დამაბნეველია, მაგრამ “არ არის დამაბნეველი ლავროვის, გოსდუმისა და პუტინის მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილის მიერ ტელეკომპანიის დახურვა”.

“მას [ბიძინა ივანიშვილს] უფრო საძულველი, ვიდრე რუსთავი 2, არაფერი ჰქონდა. ეს ზუსტადაც რომ გასაგებია, მაგრამ ის ორი ფაქტი ჩემთვის დამაბნეველია. მაინცდამაინც ვერ ჯდება იმ ფასეულობებთან, რომელსაც მთელი ცხოვრება ვემსახურები. იმედი მაქვს, რომ შევძლებ რაღაცნაირად არ ჩამომეშალოს ეს ფასეულობათა სისტემა და გადავიდე სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე.

მოცემულობას ჩვენ შევეგუეთ ეგრევე, გადაწყვეტილებას სრულიად არ დავეთანხმეთ, მაგრამ გამოვიყენეთ ის “ხვრელები“, რომელიც იყო ამ გადაწყვეტილებაში, იყო კონტრაქტში. მაგრამ ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც, ვთქვათ, წვიმა რომ წამოვა ამბროლაურში.

იდენტური დამოკიდებულება აქვს იმ საკითხისადმი და დემოკრატიის საკითხში ამ ქვეყნისთვის გადამწყვეტი მედიის მიმართ. ის ისე გადააფორმა, როგორც 2-ოთახიანი “ხრუშჩოვკა“ – ერთ საათში. ამას  მიაყოლა ერთ საათშივე მენეჯმენტის შეცვლა“, – განმარტავს გვარამია.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით “ველი მოუსუფთავა საქართველოს ხელისუფლებას“.

“იმედი მაქვს, რომ ჩვენი გასაჩივრებული საქმე სტრასრბუგში წარმატებით დასრულდება და ეს ბარიერებიც დაიდგმება, მაგრამ ეს იმედი განხორციელდება რამდენიმე თვის შემდეგ, მანამდე როგორი იქნება რუსთავი 2-სა და ზოგადად, მედიისა და დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში – ეს პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს“, – აცხადებს ის.


18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება — საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

ქიბარ ხალვაშმა დღესვე მიმართა საჯარო რეესტრს, რის შედეგადაც ტელეარხის მფლობელად დარეგისტრირდა, ხოლო დირექტირად თავისი იურისტი პაატა სალია დანიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი