ახალი ამბები

ინიციატივა – ინტერნეტით შეძენილი ნივთის განბაჟების ფორმა შეიცვლება

23 იანვარი, 2015 •
ინიციატივა – ინტერნეტით შეძენილი ნივთის განბაჟების ფორმა შეიცვლება

მოქმედი კანონმდებლობით 300 ლარზე მეტი ღირებულების არაკომერციული მიზნისთვის განკუთვნილი პროდუქცია ისედაც იბეგრება და მათი განბაჟების ვალდებულება აქამდეც ჰქონდა მომხმარებელს. სიახლე ისაა, დეკლარირების პროცედურა არსებითად არ იცვლება, იცვლება მხოლოდ ფორმა, რომელიც დეკლარანტმა უნდა შეავსოს, აცხადებს შემოსავლების სამსაური. 

 

სამსახურის ცნობით, თუ კი აქამდე გადამტანი კომპანიები თავისი ინტერპრეტაციით სთავაზობდნენ დეკლარირების ინსტრუქციას, ახლა კომპანიებს საერთო ფორმა ექნებათ, ხოლო მომარებლებს დეკლარაციის შევსება ისევ გადამზიდი კომპანიის გვერდზე შეეძლებათ.

 

“შეიქმნა ერთიანი ელექტრონული ინტერფეისი, რომლის საშუალებითაც თითოეულ საფოსტო გადამზიდველს შეუძლია განახორციელოს ყველა ის დელეგირებული პროცედურები, რაც დაკავშირებულია გზავნილების საბაჟოზე გაფორმებასთან. (ნუსხების ატვირთვა, ე.წ. დარიდერება) მოცემული დანერგილი სიახლით საფოსტო გადამზიდველების მხრიდან საბაჟო პრცედურები გაცილებით სწრაფად და ოპერატიულად ხორციელდება. აღსანიშნავია რომ მოცემული ცვლილებებით იხვეწება საფოსტო გადამზიდველების და მომხმარებლების საბაჟო გაფორმებისათვის არსებული პროცედურები”, – აცხადებს შემოსავლებს სამსახური.

 

ცვლილებები მოსწონს ხათუნა სვიმონიშვილს, რომელსაც თავადაც უსარგებლია ინტერნეტ ვაჭრობით და მიაჩნია, რომ ამგვარი ინიციატივა უფრო მეტად დაარეგულირებს იმას, თუ რას იწერენ მომხმარებლები. მისი თქმით, ხშირად უკონტროლოდ იწერენ ნივთიერებებს რომელიც ნარკოტიკულ საშუალებებად გამოიყენება.

 

“ეს ნამდვილად არ არის ცუდი სიახლე, ბავშვები და მოზარდები იწერდნენ ათას უბედურებას (აღარ დავაკონკრეტებ) და ამ დროს ინვოისში წერდნენ, “ჭრელო-პეპელას” და ამისთვის არავინ აგებდა პასუხს. ეს ის შემთხვევაა, როცა მიზანი ამართლებს საშუალებას. ძალიან გაუკონტროლებლად ხდებოდა ყველაფერი, ახალგაზრდობა ერთ დოლარად იწერდა სიკვდილს”, – ამბობს ხათუნა სვიმონიშვილი.

 

ნინო ჯანჯღავა ამბობს, რომ ერთიანი ფორმის შემოღება მისთვის არაფერს შეცვლის, რადგან ყოველთვის წესის მიხედვით ავსებს დეკლარირების ფორმას.

 

“ალბათ ეს საკანონმდებლო ცვლილება უფრო იმის აღსაკვეთადაა მიმართული, რომ მომხმარებელმა მცდარი ინფორმაცია არ ჩაწერონ დეკლარაციაში და გაუჩნდეთ გარკვეული შიში იმის მიმართ, რომ მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას (გადასახადის თავის არიდების მიზნით) შეიძლება მოყვეს რაიმე ფორმით პასუხისმგებლობა”, – ამბობს ნინო ჯანჯღავა.

 

ცვლილების პროექტი შემოსავლების სამსახურმა შეიმუშავა და იგი 2015 წლის თებერვლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ დეკლარაციაში არასწორი ან შეუსაბამო მონაცემებს შეიტანს მომხმარებელი, იგი დაჯარიმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მიხედვით.

 

ცვლილებების პროექტის შემუშავების პროცესში საბაჟო ორგანო საფოსტო გადამზიდველებთან გადიოდა კონსულტაციას და საფოსტო გზავნილის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის დეკლარაცია მაქსიმალურად შემუშავებულია იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რასაც საფოსტო გადამზიდველი დეკლარირების სახით სთავაზობდა მომხმარებელს საკუთარ საიტზე.

ინტერნეტვაჭრობა
ინტერნეტვაჭრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი