ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა: ჩვენ წინააღმდეგ ძალის გამოყენება აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის უშუალო ჩარევას

23 იანვარი, 2015 •
ხაჯიმბა: ჩვენ წინააღმდეგ ძალის გამოყენება აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის უშუალო ჩარევას

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებით და ქართული ჯარის მოდერნიზაციით აფხაზეთისთვის გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებს ეხებოდა, ხაჯიმბამ უპასუხა, რომ აფხაზეთის პასუხი ამ პროცესებზე არის რუსეთთან მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმება.


“აფხაზეთი რუსეთთან ერთად გაუწევს წინააღმდეგობას ახალ საფრთხეებს, მათ შორის, სამხედრო საფრთხეებს. გარდა ამისა, ჩვენ გვეძლევა ჩვენი ჯარის ტექნიკური მოდერნიზაციისა და მისი გადამზადების საშუალება. დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის საგარეო უსაფრთხოება გარანტირებული და დაცულია საქართველოს სამხედრო ავანტიურებისგან. დასავლელ პარტნიორებსაც ესმით, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ძალის გამოყენება აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის უშუალო ჩარევას – ეს არის ჩვენი სამოკავშირეო შეთანხმების არსი”, – განაცხადა ხაჯიმბამ.


კითხვაზე, ხომ არ ნიშნავს აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე მოქმედი 5 საკონტროლო გამშვები პუნქტის არსებობა საქართველოსთან ინტეგრაციის პროცესის გაღრმავებას, ხაჯიმბამ უპასუხა:


რაულ ხაჯიმბა      © ИТАР-ТАСС
რაულ ხაჯიმბა © ИТАР-ТАСС


“ჩვენ ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ გალის რაიონის მოსახლეობის უფლებას საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს უნდა მოხდეს განსაზღვულ ადგილებში და კანონით დადგენილი წესით. ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ საზღვრის უკანონო გადაკვეთა, კონტრაბანდა და სხვა ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც სასაზღვრო რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე იმოქმედებს. ამაში, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად გალის ადგილობრივი მოსახლეობაა დაინტერესებული. ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ ამ საკითხის მოწესრიგებას რუს კოლეგა-მესაზღვრეებთან ერთად”,- ამბობს ის.


ხაჯიმბას მიიჩნევს, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის იზოლაცია ფიასკოთი დასრულდება. მისი აზრით, რუსეთი შეძლებს დახმარება გაუწიოს აფხაზეთს ფართო საერთაშორისო აღიარების მიღწევის თვალსაზრისით.


“რუსეთმა თავის თავზე აიღო ვალდებულება, შემდგომშიც გაგვიწიოს დახმარება აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების კუთხით და ჩვენ რეალურად ვხედავთ ამ მხარდაჭერას ბევრი ქვეყნის მიერ. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის იდეა ფიასკოთი დასრულდება – ასეთი ქვეყნის იზოლირება შეუძლებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის შემდგომი აღიარების არეალი გაფართოვდება. ჩვენ საკმაოდ პროდუქტიულ დიალოგს ვაწარმოებთ სხვადასხვა ქვეყნებთან და იმედი მაქვს, ეს სასურველ შედეგს გამოიღებს”, – აცხადებს რაულ ხაჯიმბა.



 მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.   


მასალების გადაბეჭდვის წესი