საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან ფეისბუკზე ვიდეოჩართვით გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებით, კანონიერად იქნა მიჩნეული ქართული სასაამრთლოების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა.
სააკაშვილმა ქართველ საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს მობილიზებისკენ მოუწოდა.
„მინდა მოგმართოთ რუსთავი ორის მოვლენებთან დაკავშირებით, ივანიშვილს მიაქვს მთელი საქართველო, მან უკვე წაიღო და ჯიბეში ჩაიდო პრაქტიკულად მთელი ქართული ბიზნესი, მთელი ბიუჯეტი, საქართველოს მიწები, საქართველოს ტყეები. მთლიანად ჩაიგდო ხელში სასამართლო სისტემა, პროკურატურა, სამართალდამცავი სტრუქტურები და უკლებლივ ყველა რგოლი მმართველობის. ივანიშვილი კლავს საქართველოს და ანადგურებს ქართული ერის იდეას.
ერთადერთი, რაც ვერ მიჰქონდა, მას რუსთავი 2 ჰქვია და ახლა მიაქვს. რა არის თქვენი გადაწყვეტილება, წყნარად დავდგეთ და შევეგუთ იმას, რომ ჩვენ ვკარავთ ჩვენს სამშობლოს საქართველოს, თუ ამოვიღოთ ხმა, დავდგეთ ერთად, მოვაშოროთ ეს საზიზღრობა საქართველოს მმართველობას და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ეს აღარ არის პარტიებზე, პოლიტიკოსებზე. გვინდა, რომ გვქონდეს ქვეყანა. გვინდა, რომ გვქონდეს სამშობლო, თუ გვინდა, რომ საბოლოოდ ჩავაბაროთ ის საქართველოს დაუძინებელ მტერს. მე არ ვაპირებ გაჩერებას და არ ვაპირებ ამასთან შეგუებას. მე ვაპირებ ბრძოლას თქვენთან ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს საუკეთესო შვილები აპირებენ ბოლომდე ბრძოლას ამ უბედურებასთან. მე მოგიწოდებთ ყველას მობილიზაციისკენ, ახლა არის საგანგებო სიტუაცია, ახლა არის ის ბოლო ზღვარი, რომლის იქით ქვეყანა საბოლოოდ იკარგება”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ის ყველას მოუწოდებს, გადადონ გვერდზე შვებულებები და სხვა პირადი საქმეები და ჩაერთონ ბრძოლაში.
“ბნელეთის ძალებმა არ უნდა ჩაიგდონ ხელში საქართველო. ვდგებით ერთად, ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას. მე მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკოსს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი. ახლა დავსხდეთ ერთად ყოველგვარი პირადი ინტერესების გარეშე და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის ბოლომდე, გამარჯვებამდე, ივანიშილის მოშორებამდე. ჩვენ უნდა მივაღწიოთ დაუყოვნებლივ რიგგარეშე არჩევნებს, დავიხსნათ მისი კლანჭებიდან სასამართლო სისტემა, რომლის მეშვეობითაც მან [ივანიშვილმა] შექმნა ე.წ სამართლებლივი საფუძველი სრულიად უსამართლოდ რუსთავი ორის ხელში ჩასაგდებად. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, თუ ვიდგებით ერთად, მე ვარ თქვენთან და მზად ვარ თქვენთან ერთად ვიბრძოლო”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.