ახალი ამბები

ვაშაძე დაკითხვამდე: წყნარად ველოდები – გინდა ბრალდებული ვიყო, გინდაც მოწმე

18 ივლისი, 2019 • 1040
ვაშაძე დაკითხვამდე: წყნარად ველოდები – გინდა ბრალდებული ვიყო, გინდაც მოწმე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით იკითხება 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

ვაშაძემ შსს-ში დაკითხვაზე უარი თქვა, რის გამოც სასამართლოში იკითხება.

“სიმართლე გითხრათ, არანაირი პრობლემა არ მქონდა არც შინაგან საქმეთა სამინისტროში მისვლის, მაგრამ რადგანაც ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მომხდარიყო ჩვენი დაკითხვა თუ გამოკითხვა “შტრიგბრეხერობა”, დასამალი არაფერი არა გვაქვს. უბრალოდ, როდესაც გვიბარებენ ჯერ ჩვენ იმ მომენტამდე, სანამ შს მინისტრი არის დაკითხული, ეს მეჩვენება, უბრალოდ, დაცინვად მართლმსაჯულების”,- თქვა ვაშაძემ სასამართლოში შესვლამდე.

ვაშაძის თქმით, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, ვინ გასცა აქციის დარბევის ბრძანება.

“როდესაც ყოველგვარი სამჯერადი გაფრთხილების გარეშე და ყოველგვარი გონივრული ვადის გარეშე გადაწყვიტეს, დაშლილიყო მანიფესტაცია, სამართალდამცველებმა დაიწყეს შტურმი ყველაზე სახიფათო იარაღით – გაზით, რეზინისა და პლასტიკის ტყვიებით. შემდეგ, სულ ბოლოს, სადღაც რუსთაველის თეატრის მიდამოებში გამოიყენეს წყლის ჭავლი. ეს საკითხები მაქვს მე. დანარჩენ შეკითხვებს სიამოვნებით გავცემ პასუხს წუთი-წუთზე”, – თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, “დღევანდელ საქართველოში ყველაფერი შესაძლებელია”.

“ამიტომ, არავითარი პრობლემა არა მაქვს, წყნარად ველოდები – გინდა ბრალდებული ვიყო, გინდაც მოწმე. 20-21 ივნისის ამბავში აბსოლუტურად მართლები ვართ ჩვენ, სუყველა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს ისტორიაში წყალგამყოფი გაჩნდა – ეს არის ჩვენი ახალგაზრდები, რომლებმაც დაკარგეს ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლეც კი საფრთხის წინაშე იყო. არავითარი პოლიტიკა დედამიწის ზურგზე და არავითარი ქვიშის ორმოში თამაში არ ღირს ადამიანის ჯანმრთელობად და სიცოცხლედ”, – ამბობს ვაშაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი