ახალი ამბები

თანამდებობიდან ჩემი ნებით მხოლოდ თანამშრომლების სურვილის შემთხვევაში წავალ – გვარამია

18 ივლისი, 2019 • 1382
თანამდებობიდან ჩემი ნებით მხოლოდ თანამშრომლების სურვილის შემთხვევაში წავალ – გვარამია

“რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, თანამდებობიდან საკუთარი ნებით მხოლოდ ტელეარხის თანამშრომლების სურვილის შემთხვევაში წავა. ამის შესახებ გვარამიამ დღეს, 18 ივლისს განაცხადა და აღნიშნა, რომ ქიბარ ხალვაში ტელეარხს ვერ დაატოვებინებს.

“არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლება რას იზამს. ერთადერთი, როცა მე წავალ ჩემი ნებით, ეს არის ჩემი ჟურნალისტების, ჩემი თანამშრომლების დამოკიდებულება ამგვარი, რომ ჯობია მე წავიდე. თუ მათ ეს დამოკიდებულება ექნებათ, მე არ ვაპირებ ამ საკითხის განხილვას საერთოდ. სხვა შემთხვევაში ნიკა გვარამიას აქედან ვერც ქიბარ ხალვაში, ვერც ვინმე სხვა, კანონიერი გზებით ვერ გაუშვებს”, – აღნიშნა მან.

ნიკა გვარამიამ ასევე გაუსვა ხაზი, რომ მისი კონტრაქტი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უმაღლეს გარანტიებს შეიცავს და სულერთია, რა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხზე ქიბარ ხალვაშს.

“…ესაა ჩემი კონტრაქტი, რომელიც ჩემივე მოთხოვნით შეიცავს უმაღლეს გარანტიებს ჩემი გათავისუფლების შემთხვევაში. ეს აქვს საჯარო რეესტრსაც. აქ წერია, რომ ჩემი გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქ დარღვევისთვის განსაზღვრული ძალიან სერიოზული გარანტია იქნება გადახდილი. მხოლოდ ამის შემდეგ. რა დამოკიდებულება აქვს ხალვაშს ამ კონტრაქტთან, სულერთია. ვინც იყვნენ დამფუძნებლები, მომცეს ეს გარანტია. ამ კონტრაქციის ბათილობა მესაკუთრის შეცვლის გამო ვერ დადგება”, – განაცხადა გვარამიამ.

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება — საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

გვარამია: R2-ის ახლავე გადაფორმება უკანონობა და დანაშაული იქნება

რ2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა

მასალების გადაბეჭდვის წესი