ახალი ამბები

ივანიშვილმა დამირეკა მეორე დღეს და მე ავუხსენი – გახარია 20 ივნისის აქციის დაშლაზე

17 ივლისი, 2019 • 1515
ივანიშვილმა დამირეკა მეორე დღეს და მე ავუხსენი – გახარია 20 ივნისის აქციის დაშლაზე

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ  17 ივლისს განაცხადა, რომ 20 ივნისის აქციის დაშლის შესახებ ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილს მეორე დღეს მიაწოდა:

„მან დამირეკა მეორე დღეს და მე ავუხსენი, რა მოხდა იმ ღამეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ პროკურატურასთან, სადაც 20 ივნისის საქმეზე გამოძიებას ჩვენება მისცა. 

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ერთი კვირის წინ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ  ბიძინა ივანიშვილი იზიარებს მათ მოსაზრებას, რომ 20 ივნისის აქციის დაშლა იყო ლეგიტიმური და პროპორციული.

“ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, მე ჩემი აზრის გამოხატვის საშუალება მქონდა და გამოვხატე – ის იზიარებს გარკვეულ ნაწილში, გარვეულ ნაწილში არ იზიარებს.

თუმცა მე ვთვლი, რომ ჩვენი ძირითადი პასუხისმგებლობა,  გარდა პარტიულისა, არის კანონმდებლობა და კონსტიტუცია. ეს არის ის ძირითადი მოვალეობა, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ, თუმცა, რა თქმა უნდა, იმაში,  რომ ეს იყო ლეგიტიმური და პროპორციული, გვეთანხმება. თუმცა ის , ისევე როგორც ჩვენ, ვფიქრობ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში იყო გადაცდომა, რაც კარგად არის გამოსაძიები”, – თქვა გახარიამ.

ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა. ივანიშვილის განცხადებით, 20 ივნისის ღამეს ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე კითხვები არ არსებობს:

“21 ივნისიდან მოყოლებული ოპოზიცია, პრინციპში, “ნაციონალური მოძრაობა” და მისი დამქაშები, დაჟინებით ითხოვენ გახარიას გადადგომას. არც ვაშინგტონიდან და არც ევროპიდან, ვინც ნახა ეს კადრები, არავის არ აქვს კითხვები ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. როდესაც მეორე დღესვე ითხოვენ მის გადადგომას, აქ ყველაფერი იკვეთება.

ლეგიტიმური იყო ძალის გამოყენება, არავის კითხვა არ ებადება ამაზე. შესაბამისად, ლეგიტიმურობაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არავისგან ეს კითხვა არ ისმის. მე შევხვდი ელჩებს, ვიცი ვაშინგტონის პოზიცია. ის, რაც ნახეს კადრები, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე არავის კითხვა არ აღძვრია. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არაა”, – ამბობს ივანიშვილი.

ივანიშვილის თქმით, გახარიამ მოახერხა და სახელმწიფო ინსტიტუტი მეამბოხეებისგან და მოძალადეებისგან დაიცვა და იმ შემთხვევაში იქნებოდა მისი გადადგომის საჭიროება, თუ ამას ვერ შეძლებდა:

“მეორე ნაწილი, რაც შეეხება ცალკეულ პოლიცილებს, რომლებსაც ხელმძღვანელობს გიორგი გახარია, თუ ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, ამაზე მიდის გამოძიება. ერთი პოლიციელი უკვე ბრალდებულია, დანარჩენებს დაველოდებით.

გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი იმიტომ, რომ ის რომ გადამდგარიყო 21-22-ში, ეს ბიჭები, ვინც ამას ორგანიზებას უკეთებდნენ და ის პოლიტიკოსები, ვინც ამ მოწოდებებს აკეთებდნენ და პარლამენტში შედიოდნენ, თუ არა სახელმწიფო გადატრიალება. ის, რომ გახარია გადადგეს, ესე იგი შსს აღარ არსებობს.

ძალადობა, ძალის მიტანა სახელწიფოს ძირითად ინსტიტუტზე როცა ხდება და შსს ამას ვერ აღკვეთს, რა თქმა უნდა, მინისტრმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს, მაგრამ მან ეს მოახერხა, დაიცვა მოძალადე პოლიტიკოსები, მან მოახერხა და სახელმწიფო გადატრიალებისგან დაიცვა, ახალი უბედურება არ მისცა სახელმწიფოს. ეს რომ ვერ მოეხერხებინა, მაშინ უნდა გადამდგარიყო. გახარიამ და შსს-მ, მადლობა ღმერთს, რომ ღირსეულად მოახერხა და მეამბოხეებისგან, მოძალადეებისგან დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი”, – ამბობს ივანიშვილი.

რა მოხდა

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რისი მთავარი მიზეზიც აქციის დარბევაა. პროტესტის დაწყებიდან შემდეგ, “ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი